მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
ვადიანი სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, როცა სესხით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ნაწილ-ნაწილ და მსესხებელი არღვევს ვალდებულებებს (მაგ: პროცენტის გადახდა გათვალისწინებულია ყოველთვიურად ან სესხის დაბრუნება ხდება ნაწილ-ნაწილ )
ორად გავყოთ თემა: 1. რა ხდება მაშინ, როცა არ არსებობს ხელშეკრულებით დარეგულირებული და 2. როცა ხელშეკრულებით დარეგულირებულია ეს საკითხი.
1. როცა არ არსებობს ხელშეკრულებით დარეგულირებული აღნიშნული საკითხი.
სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ, გამსესხებელი იმყოფება სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც ვლინდება იმაში, რომ თუ სესხის დაბრუნების დრო განსაზღვრულია, მაშინ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე. (366-ე მუხლი).
აღნიშნული ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისები. გამსესხებლის მიერ ვადაზე ადრე სესხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია ორ შემთხვევაში:
ა. როცა მხარეები ამის თაობაზე შეთანხმდებიან ხელშეკრულებით.
ბ. როცა კანონი პირდაპირ უთითებს ასეთ შესაძლებლობაზე.
ჩვენ ზემო პოსტში განვიხილეთ კანონის მიერ პირდაპირ მითითებული შეთხვევები, როცა გამსესხებელს შეუძლია ვადამდე სესხის დაბრუნების მოთხოვნა (სკ-ის 367-ე და 627-ე მუხლები), თუმცა ეს მუხლები არ მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა გამსესხებელი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში არაფერი გვიწერია?
საინტერესოა ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომელიც ეხება საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას:
„კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.“
ასეთი ნორმის სესხის შემთხვევაში გამოყენება გადაჭრიდა საკითხს, თუმცა ვინაიდან ეს ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას და ვრცელდება მხოლოდ საკრედიტო ურთიერთობებზე, მას ანალოგიით ვერ გამოვიყენებთ არასაკრედიტო სესხებზე.
თუმცა ჩვენ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ამ შემთხვევაში. რომლის მიხედვითაც უნდა გვქონდეს შემდეგი პირობები სესხის ხელშეკრულების ვადამდე შესაწყვეტად:
ა. სახეზე უნდა იყოს გრძელვადიანი სესხის ხელშეკრულება (მაგ: 5 თვიანი სესხის ხელშეკრულების დროს ვერ გამოვიყენებთ ამ მუხლს).
ბ. უნდა არსებობდეს პატივსადები საფუძველი- მაგ: ის, რომ მსესხებელი არ იხდის თვიურ პროცენტს სამი თვის განმავლობაში. ( 1 თვის პროცენტის გადაუხდებლობა ვერ იქნება პატივსადები საფუძველი) გ. გამსესხებელმა უნდა გააფრთხილოს მსესხებელი და მოთხოვოს ვალდებულების შესრულება.
სკ-ის 399-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება წყდება, ზემოთ მითითებული პირობების დაცვით, გამსესხებლის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას და მისი მსესხებლისათვის მისვლის მომენტში იგი იძენს ძალას და ითვლება, რომ სესხის ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი.