#3405

სესხის დაბრუნების ვადები

სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს, როგორც ვადიანი ისე უვადო.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის დაბრუნების ვადაზე შეთანხმება არაარსებითი პირობაა, ანუ მასზე შეუთანხმებლობა გავლენას ვერ ახდენს ხელშეკრულების ნამდვილობაზე. თუმცა აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება დიდი მნიშვნელობის მქონეა, რადგან წარმოშობს გარკველ სამართლებრივ შედეგს. მხარეების მიერ სესხის დაბრუნების ვადაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ითვლება უვადოთ.

ვადიანი სესხის ხელშეკრულება

 

სესხის ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ განსაღვრონ სესხის დაბრუნების ვადა. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი განსაზღვრული ვადის შესაბამისად.

სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლში განსაზღვრული ზოგადი წესის მიხედვით, როცა სესხის ვადა განსაზღვრულია, გამსესხებელს არ შეუძლია დადგენილ ვადაზე ადრე მოითხოვოს სესხის დაბრუნება.

ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც განსაზღვრულია სკ-ის 367-ე და 627-ე მუხლებში, რომელთა მიხედვითაც გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, როცა:

1. თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ან ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა სესხის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ გამსესხებლისთვის არ იყო ცნობილი.

მაგ: მსესხებელმა დაკარგა სამსახური, იპოთეკით დატვირთა მთლიანი ქონება, ვერ გადაიხადა ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტები და ა.შ.

2. მსესხებელმა არ წარმოადგინა ან შეამცირა უზრუნველყოფა.

მაგ: მსესხებელს სესხის უზრუნველყოფისათვის უნდა გაეფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება და ეს არ გააკეთა.

მაგ: გარდაიცვალა თავდები, დაიკარგა გირავნობის საგანი და ა.შ.

შეუძლია თუ არა მსესხებელს ვადაზე ადრე დააბრუნოს სესხი?

უნდა გამოვყოთ ორი სიტუაცია, როცა სესხი პროცენტიანი და როცა სესხი არ არის პროცენტიანი.

პირველ შემთხვევაში მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დააბრუნოს სესხი სამოქალაქო კოდექსის 364-ე მუხლისა და 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

ხოლო როცა სესხი პროცენტიანია, მისი ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.

ვადიანი სესხის შემთხვევაში, სესხიც და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არის განსაზღვრული. (626-ე მუხლი)

უვადო სესხის ხელშეკრულება

სამოქალაქო კოდექსის 365-ე და 626-ე მუხლების მიხედვით უვადო სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში გამსესხებელია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოთხოვოს მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დააბრუნოს სესხი.

ასეთ შემთხვევაში გამსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების მოთხოვნისას, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი მოთხოვნიდან 3 თვის განმავლობაში.