#3368

სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება

მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს სესხის პროცენტი. სესხის პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელიც უნდა გადაიხადოს მსესხებელმა სესხით სარგებლობისთვის.

მაგ: 1000 ლარის სესხი არის აღებული 24 თვის ვადით და განსაზღვრულია წლიური 10% სარგებლი, მაშინ მთლიანი სარგებელი 24 თვისთვის შეადგენს 2 x 100= 200 ლარს და შესაბამისად მსესხებელი ვალდებული იქნება დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა- 1000 ლარი და პროცენტის სახით 200 ლარი.

სესხის სარგებელი არ ვრცელდება ვადაგადაცილებულ პერიოდზე. მაგ: ზემოთ მოცემულ მაგალითში, თუ სესხი დაბრუნდება 30 თვეში, მაშინ ვადაგადაცილებული 6 თვისათვის სარგებლის დარიცხვა არ მოხდება, თუმცა მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პირგასატეხლო, ასევე სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოხდეს მიუღებელი შემოსავლისთვის. (ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ შემდგომ პოსტებში)

სესხის პროცენტისა (სკ-ის 625-ე მუხლი) და სესხის ვადაგადაცილებისათვის  განსაზღვრული პროცენტის (სკ-ის 403-ე მუხლი) გამიჯვნის შესახებ იხ. სტატია https://blh.com.ge/?p=1104

მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ პროცენტი განუსაზღვრელი ოდენობით, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელიც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც თუ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით, მაშინ ასეთი სესხის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ნოტარიულად (საჯარო სანოტარო აქტით) და პროცენტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

მაგ: ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე 2012 წელს შეადგენდა უცხოურ ვალუტაში 14.1%-ს. შესაბამისად, ზემოთ თქმული ფორმულის მიხედვით, ვიღებთ 14.1 x 2.5 / 12 = 2.9375% თვეში.

აღნიშნული წესის უგულებელყოფით დადებული იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება ბათილია, სკ-ის 54-ე, 62-ე და 327-ე მუხლებიდან გამომდინარე რადგან პროცენტის თაობაზე მხარეთა შეთანხმება წარმოადგენს ასეთი სესხის არსებით პირობას და მხარეები არ დადებდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებას პროცენტის ამგვარად განსაზღვრის გარეშე. (იხ. სუსგას-1260-1501-05  და  N-3k/809-01)