#29599
BLH
Keymaster

ვალდებულების აღიარება ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ

 

(გადაწყვეტილება N-ბს-1197-1164(კ-10))

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის (ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება _ ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძისა და ა. ბ-ძის წინაშე სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული თანხების, ხოლო ნ. ნ-ძის წინაშე ასევე ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის დავალიანება, მას შემდეგ, რაც ხსენებული დავალიანებების მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.