#29482
Crassus
Participant

ხანდაზმულობის ვადის ათვლა (სკ-ის 130-ე მუხლი)

(საქმე N-ას-649-610-2011)

სარჩელი ეხება საზიარო საგნის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საზიარო სახელშეკრულებო უფლებიდან, შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. პალატის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი, წარმოშობილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ დგინდება. მათი უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ გამომდინარეობს მხოლოდ კანონისმიერი საფუძვლიდან, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ სკ-ის 129-ე მუხლის გამოყენებას. რაც შეეხება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს, ჩნდება კითხვა, როდის წარმოეშვა კასატორს მოთხოვნა, სახლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებისას თუ დასრულებისას. პალატის მტკიცებით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად სახლის აღდგენითი სამუშაოების დასრულების დრო უნდა მივიჩნიოთ, რადგან მშენებლობის ხარჯებზე დაზუსტებულ მოთხოვნას მანამდე ვერ წარადგენდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.