#29246
BLH
Keymaster

ზარალის გადატანა

 

მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივისა) რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

 

მაგ: 2015 წლის მარტში მეწარმე ფიზიკურმა პირმა იყიდა ორი ბინა საცხოვრებლად, თითოეულის ღირებულება იყო 140.000 ლარი.  2016 წლის იანვარში მან ერთ-ერთი  ბინა გაყიდა 120.000 ლარად, შესაბამისად მისმა ზარალმა შეადგინა 20.000 ლარი. 2016 წლის დეკემბერში მეორე ბინაც გაყიდა 160.000 ლარად, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მან მიიღო ნამეტი – 20.000 ლარი, რომლითაც კომპენსირდება პირველი ბინის გაყიდვიდან მიღებული ზარალი.

 

იმ შემთხვევაში თუ მეორე ბინას გაყიდიდა 2017 წელს, ზარალის გადატანა არ მოხდებოდა და შესაბამისად 20.000 ლარი დაიბეგრებოდა, როგორც ნამეტი შემოსავალი.

 

საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.

 

მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

 

მაგ: ინდ. მეწარმე ნინო ხვედელიანმა 2013 საგადასხადო წელს, მიიღო 50.000 შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან და 20.000 ლარი ხელფასის სახით. ამავდროულად მისმა ხარჯებმა, რომლებიც დაკავშირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობასთან შეადგინა 60.000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მისი ზარალი იქნება 50.000-60.000= 10.000 ლარი, რომელიც არ გამოაკლდება ხელფასის სახით მიღებულ 20.000 ლარს და მოხდება მისი გამოქვითვა მომდევნო 5 წლის მანძილზე მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან.

 

იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.