#27223

როგორც ამ თემაში უკვე არაერთხელ დაიწერა, სესხის არსებობისათვის საჭიროა შემდეგ არსებით პირობებზე მხარეების შეთანხმება:

 

1. სესხის ხელშეკრულების მხარეების განსაზღვრა.

 

2. სესხის საგნის განსაზღვრა

 

3.მხარეების განზრახვის არსებობა, რომ იდება სესხის ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია განსაზღვრულია ხელშეკრულების მხარეები, განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი- ფული, თუმცა არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ დაიდო სესხის ხელშეკრულება, ანუ არსაიდან არ ჩანს, რომ ეს პირები ფულს ღებულობენ იმ პირობით, რომ მას უკან დააბრუნებენ, თანაც მათი ნათესაური კავშირი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება იმ კუთხითაც მსჯელობა, რომ სახეზეა სარჩო/დახმარება მამიდის მხრიდან, რომელსაც ასეთი ვალდებულება გააჩნია კანონის მხრიდან.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ვიტყვით, რომ სახეზე არ არის მხარეთა შორის რაიმე სახის ხელშეკრულება და ეს ფულები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვთ მიღებული ამ პირებს, მაშინ მაინც ვერ მოსთხოვს მამიდა ამ ფულის უკან დაბრუნებას, რადგან სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტი გვეუბნება, რომ დაუშვებელია უსაფუძვლოდ გადაცემული ფულის დაბრუნება, თუ ფულის გადაცემა ზნეობრივ ნორმებს შეესაბამება, ამ შემთხვევაში კი ნათესავების ავადმყოფობისა და მათი სიდუხჭირის პირობებში, მათვის ფულის გადაცემა ხვდება სწორედ ამ რეგულაციის ქვეშ.