მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › ქირავნობის ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა

#38077
BLH
Keymaster

იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევა

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 1 აპრილსა და 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები ბათილ გარიგებას არ წარმოადგენს.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების დანაწესიდან გამომდინარე, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით ერთ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებისას, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში საკანონმდებლო ცვლილების სახით 2010 წლის 7 დეკემბერს იქნა შეტანილი, გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლის რეალური მიზანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა უძრავ ნივთებთან მიმართებით უფლებათა საჯაროობის უზრუნველყოფა და მესამე პირთა ინტერესების დაცვა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, უძრავ ნივთებზე გარიგების დადებისათვის ამ გარიგების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო პირობაა, თუმცა ამგვარი რეგისტრაციის არარსებობა ხელშეკრულებას ავტომატურად იურიდიულ ძალას არ უკარგავს.

იგი მოქმედებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, მაგრამ ძალა ვერ ექნება მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ, რა თქმა უნდა, მათთვის ცნობილი არ არის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დავა მიმდინარეობს უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის, სწორედ ამიტომ სადავო ხელშეკრულებები, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული არ არის კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ბოჭავს მოსარჩელეს, წარადგინოს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმე №ას-343-326-2013).