Viewing 10 posts - 11 through 20 (of 48 total)
  • Author
    Posts
  • #34926
    BLH
    Keymaster

    კეთილსინდისიერი იპოთეკარი

    (სუსგ. N-ას-957-900-2010)

    მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება ყალბი საბუთების საფუძველზე აღირიცხა სხვა პირის საკუთრებაში, რომელმაც აღნიშნული ქონება იპოთეკით დატვირთა. მართალია მოსარჩელეს უძრავი ქონება დაუბრუნდა საკუთრებაში, თუმცა სადავოდ დარჩა იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ,  თბილისის საქალაქო სასამართლოს (N-2/297-07 17.12.08) გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას განმარტა შემდეგი, რადგან იპოთეკით დატვირთულია იმ პირის ქონება, რომელიც სესხის ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილად აღიარება ეწინააღმდეგება საკუთრების აბსოლუტურ ხასიათს.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სადავო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო გამყალბებლის სახელზე, რომლის ჩანაწერების მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია, ასევე, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იპოთეკარისათვის ცნობილი იყო ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის შესახებ საქმეში არ მოიპოვება, გამოიკვეთა პირის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის აუცილებელი სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ არამართებულია.

     

    #34947
    BLH
    Keymaster

    მფლობელობითი გირავნობა

    როგორც უკვე აღინიშნა, გირავნობა შეიძლება იყოს ორი სახის: მფლობელობითი და რეგისტრირებული.

    მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა გირავნობის ხელშეკრულების დადებითა და მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემით.

    მაგ: „A”-მ თავისი კუთვნილი ოქროს საათი დატვირთა „B”-ს სასარგებლოდ მფლობელობითი გირავნობის უფლებით. მოცემულ შემთხვევაში, „A” და „B”-ს შორის მხოლოდ შეთანხმება არ არის საკმარისი, გირავნობის უფლების წარმოშობისთვის, აუცილებელია „A”-მ გადასცეს ოქროს საათი „B”-ს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს მფლობელობაში.

    თუ გირავნობის საგანი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მისი უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისთვის საკმარისია მხოლოდ მხარეთა შეთანხმება.

    მაგ: თუ ოქროს საათი უკვე „B”-ს მფლობელობაშია, საკმარისია მხოლოდ შეთანხმება გირავნობის შესახებ.

    მფლობელობითი გირავნობის  ბუნებიდან გამომდინარე, მისი საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი.

    #34948
    BLH
    Keymaster

    რეგისტრირებული გირავნობა

    რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

    გირავნობის ხელშეკრულებაში სავალდებულოა აღინიშნოს:

    ა) მისი შედგენის თარიღი;

    ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

    გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

    დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

    მხარეები თავისუფალნი არიან აირჩიონ, გირავნობის რომელი სახე სურთ, თუმცა ასეთი არჩევანის შესაძლებლობა არ არსებობს, როდესაც გირავნობის საგანი არის მოთხოვნები, ვინაიდან მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობა.

    #34949
    BLH
    Keymaster

    რეგისტრირებული გირავნობა სატრანსპორტო საშუალებებზე

    სამოქალაქო კოდექსი სპეციალურად განსაზღვრავს მექანიკური სატრასპორტო საშუალების დაგირავების წესსა და ფორმას.

    „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

    ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

    ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.

    #2789

    რა არის “ბინის გირავნობა”? 

    ე.წ. „ბინის გირავნობა“ საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინია, რომელიც როგორც წესი მოიაზრებს სამი სამართლებრივი ურთიერთობის ერთობას, ესენია:

    1. სესხის ხელშეკრულება;

    2. იპოთეკის ხელშეკრულება;

    3. ბინით სარგებლოს ხელშეკრულება.

    იხ. სტატია სრულიად 

     

    #27077
    Edika
    Participant

    კაზუსი

     

    პიროვნებამ გაზეთში წაიკითხა სამსახურის (დისტრიბუტორი) თაობაზე. დაუკავშირდა დამსაქმებელს. დამსაქმებელმა გააცნო სამუშაო პირობები და უთხრა ჰქონდა თუ არა უძრავი ქონება, რათა სამუშაოს შესრულების პროცესში საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მომხდარიყო. აღნიშნული მიზნით დამსაქმებელს მისცა მისი ქონების განკარგვის გენერალური მინდობილობა. დამსაქმებელმა ბოროტად გამოიყენა აღნიშნული მინდობილობა და თავის სასარგებლოდ აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა დასასაქმებლის ქონება. დამსაქმებელი გასამართლდა თაღლითობით, კერძოდ მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღება.

     

    1)ბათილია თუ არა მინდობილობა 81 მუხლის საფუძველზე? შესაბამისად ბათილია თუ არა იპოთეკის ხელშეკრულება?

     

    2)უზრუნველყოფის მიზნით გაცემული მინდობილობა 56-ე მუხლის ფარგლებში რამდენად არის ნამდვილი?

    #27079

    <cite> @Edika said:</cite>

    1)ბათილია თუ არა მინდობილობა 81 მუხლის საფუძველზე? შესაბამისად ბათილია თუ არა იპოთეკის ხელშეკრულება?

     

    თუ დადგინდება, რომ წინასწარი განზრახვა ჰქონდა მოტყუების და ამ სქემით აპირებდა სარგებლის მიღებას (რაც გამოძიების მასალებით შეიძლება დადგინდეს), მაშინ შეიძლება მინდობილობის ამ საფუძვლით ბათილობაზე საუბარი.

     

    2)უზრუნველყოფის მიზნით გაცემული მინდობილობა 56-ე მუხლის ფარგლებში რამდენად არის ნამდვილი?

    ჩემი აზრით ვერ ჯდება სკ-ის 56-ე მუხლის რეგულაციის ქვეშ, მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა რაში ვლინდება?  იურიდიული შედეგის დადგომა სურდათ და არც სხვა რაიმე გარიგებას ფარავდა მათი შეთანხმება.

     

    მე უფრო მგონია, რომ თუ სახეზე არ არის მოტყუება, მაშინ ეს მინდობილობა უნდა გაბათილდეს სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, რადგან იგი გაიცა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ასეთი შეთანხმება ბათილია, რადგან ეწინააღმდეგება შრომის კოდექს, შესაბამისად, მის საფუძველზე გაცემული მინდობილობაც ბათილი უნდა იყოს, თუმცა მეორე მხრივ იპოთეკა მაინც ნამდვილი შეიძლება იყოს, სკ-ის 104-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ბინის მესაკუთრემ შექმნა ისეთი გარემოებები რომ იპოთეკარს, კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.

     

    სხვა შემთხვევა იქნებოდა, როცა მესაკუთრე კი არ გასცემდა ამ მინდობილობას, არამედ მინდობილობას გააყალბებდნენ, ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა მესაკუთრის ნებელობა სახეზე და შესაბამისად სკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ დაიცავდა კეთილსინდისიერ იპოთეკარს.. თუმცა თეორიაა ძალიან ეს..

    #27082
    Edika
    Participant

    ას-114-110-2012

    აი რას ამბობს სააპელაციო სასამართლო მოტყუებასთან დაკავშირებით: 

     

     სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით(თაღლითბა – მოტყებით). ჟის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტის დადგენა არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

     

    პალატა განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ქმედების შეფასებისა და აღნიშნული ქმედების თანმდევი შედეგების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეფასების კრიტერიუმები თავისი თანმდევი შედეგებით სამოქალაქო სამართალწარმოებაში ინდივიდუალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის წესით დადგენილი მოტყუების ფაქტი შეიძლება სამოქალაქო წესით არ წარმოადგენდეს ქმედების ისეთ შემადგენლობას, რომელიც გარიგების ბათილობას იწვევს.

     

    სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 მაისის განაჩენით დადგენილი ბ. ჟის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულების მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შემთხვევაში და არა გარიგების ბათილობის მოთხოვნით გამართულ სამოქალაქო სამართალწარმოებაში. ამდენად, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სამოქალაქო სამართლებრივ კონტექსტში შეიძლება სულ სხვაგვარი შეფასება მიეცეს, ვიდრე აღნიშნული სისხლის სამართლის წესით არის დადგენილი. როგორც განაჩენის შინაარსიდან გამომდინარეობს, ბ. ჟის მიერ დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა დაზარალებულთა ნდობის ბროტად გამოყენების შედეგად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იწვევს იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა ეფუძნება მხარეთა კეთილსინდისიერ ქმედებას, მაგრამ აღნიშნული ხორციელდება რა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაბალანსების საჭიროების პირობებში, მხარე, რომელიც არ დაიცავს წინდახედულობის აუცილებელ ნორმებს, ხდება შესაბამისი რისკის მატარებელი. მოცემულ შემთხვევში საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს 2008 წლის 30 ოქტომბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ხოლო ა. ოს შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილს.

     

    აღნიშნული მინდობილობა წარმოადგენდა მესამე პირებისათვის კანონიერი ნდობის შექმნის საფუძველს. მესამე პირი, რომელიც ბ. თან დებდა გარიგებას, ენდობოდა ხელმოწერილ, ნოტარიულად დამოწმებული გარიგების შინაარსს. ივარაუდება, რომ ხელმოწერილ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტში ნების გამომვლენი აცნობიერებდა გამოვლენილ ნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იცნობდა დოკუმენტის შინაარსს და მისთვის ცნობილი იყო გარიგების სამართლებრივი შედეგები. იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი ითვალისწინებს მხარეთა შორის შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებასა და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას, სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

    შემდეგ უზენაესმა დაამატა:

     

    შეუძლებელია, მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების გაბათილება იმ მოტივით, რომ მინდობილობის დადებისას მხარე მოატყუეს ან მისი ნდობა ბოროტად გამოიყენეს და იგი მიჩნეული არ არის არარა გარიგებად. ხოლო მხარეთა შორის არსებული მინდობილობით მხარე აღჭურვილია უფლებით დატვირთოს ნივთი იპოთეკით.

    მოცემულ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმეში მონაწილეობს შპს „თ-ც“(გამსესხებელი/იპოთეკარი), რომლის არაკეთილსინდისიერება არ დგინდება საქმის მასალებით. ასეთზე ვერ უთითებს კასატორიც. ა. ო-ა განაჩენის მიხედვით მოატყუა ბ. ჟ-მა და სწორედ იგია პასუხისმგებელი მის წინაშე

     

    მოკლედ ვიტყვი, ფაქტიურად ითქვა რომ სისხლის სამართლის 180 მუხლით გათვალისწინებული მოტყუება და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოტყუება შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთსო.  ამ შემთხვევაში მინდობილობის ბათილობა მოტყუების მოტივით არ შეიძლება, იქედან გამომდინარე რომ მარცმუნებლისთვის ცნობილი იყო მინდობილობის იურიდიული შედეგი და რისკები. ამასთანავე ნების გამოვლენა მოხდა დადგენილი წესების მიხედვითო.

     

    ფაქტიურად ნების ფორმირება და ნების გამოვლენა ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ არ ცნო ბათილად.

    #27083

    ეგ გადაწყვეტილება წაკითხული მაქვს და კარგად არის განმარტებული, რომ სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დადგენილი მოტყუების ფაქტი შეიძლება არ ნიშნავდეს სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის მოტყუების ფაქტს, თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშNოს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ეს ორი ცნება ერთმანეთს.. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, გვაქვს თუ არა მოტყუების ფაქტი სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, როცა სისხლის სამართლით დადგენილია მოტყუების ფაქტი (მაგ: თაღლითობის მუხლით არის პირი მსჯავრდებული).

     

    თუმცა იქვე იძახის სასამართლო, რომ როცა მინდობილობას ეხება საქმე, მოტყუების საფუძვლით მინდობილობის ბათილობის საკითხის დაყენება ვერ მოხდება, რადგან როცა მინდობილობას გასცემ შენ გააზრებული გაქვს ის ნეგატიური შედეგი, რაც მას მოყვება.

    #27084

    ას-901-859-2013  ამ გადაწყვეტილებაში საქმე ეხება იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ბათილობის საკითხს, მოტყუების საფუძვლით, ასევე განმარტებულია იპოთეკის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და საინტერესო განმარტებაა გაკეთებული ხელმოწერის ფაქტზე, როგორც ხელშეკრულების შინაარსის ცოდნის პრეზუმფციაზე.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 48 total)
  • You must be logged in to reply to this topic.