მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სანივთო სამართალი
Tagged: არაპირდაპირი, აღნაგობა, მოძრავი, მფლობელობა, ნივთები, პირდაპირი, საკუთრება, სანივთო, სანივთო სამართალი, საჯარო რეესტრი, სერვიტუტი, უზუფრუქტი, უფლება, უძრავი, ქონება
- This topic has 35 replies, 4 voices, and was last updated 8 years, 7 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
ოქტომბერი 15, 2014 at 16:07 #2939EdikaParticipant
ხომ არ ავსებს ერთმანეთს 311 და 323 მუხლები? ანუ, იცი რას ვფიქრობ, ცალკე აღებული 323 მუხლი არ წარმოშობს ვალდებულებას. ანუ 323-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს რომ სანოტარო ფორმის გარეშე შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადებაო, არამედ განსაზღვრავს რომ წერილობით უნდა იყოს დადებული გარიგება, ხოლო 311 პრიმა დამატებით მოითხოვს, სანოტარო წესით დადასტურებას.
ისე, ერთი გადაწყვეტილება მაქვს წაკითხული, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაცია არ არის ხელშკერულების ფორმის შემადგენელი ნაწილი და აბსოლიტურად სწორიცაა. სკ-ის 183-ე მუხლში საუბარია საკუთრების წარმოშობაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ორი პირობის არსებობა 1)გარიგების წერილობითი ფორმა 2) და ამ გარიგების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს რომ 183-ე მუხლი განსაზღვრავს საკუთრების წარმოშობის წესს და არა ამ საკუთრების საფუძვლად არსებული ხელშეკრულების ფორმას, და შესაბამისად ნამდვილობას.
ოქტომბერი 15, 2014 at 17:50 #2942ივერიელიParticipantვერ დაგეთანხმები. 323-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ფორმას და ცალსახაა, რომ მარტივი წერილობითი ფორმაა 323-ე მუხლით განსაზღვრული (ძველ მდგომარეობით სანოტარო იყო), რაც შეეხება 183-ე და 311-ე მუხლებს, ეს ორივე მუხლი სანივთო სამართლის თავში მოცემული და ისინი ემსახურებიან სანივთო სამართლებრივ მიზნებს- საკუთრების უფლების შეძენას და არა ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობას.
ახლა რა წერია ამ გადაწყვეტილებაში: (N-ას 1529-1443-2012)
“სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი უძრავი ნივთის გადაცემისათვის ადგენს მხოლოდ წერილობით ფორმას. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის არცერთი ნორმა არ განიხილავს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, როგორც გარიგების ფორმას.”
ოქტომბერი 15, 2014 at 18:26 #2944EdikaParticipantგამოდის რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირო? (იმიტომ რომ ხელმოწერები არაა სანოტარო წესით დადასტურებული).
ოქტომბერი 15, 2014 at 18:58 #2946ივერიელიParticipant@Edika said: ზნაჩიტ გამოდის რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირო? (იმიტომ რომ ხელმოწერები არაა სანოტარო წესით დადასტურებული).
ვალდებულებას იღებენ მხარეები, ამიტომაც მოუწევთ რეესტრში რეგისტრაცია, ხოლო ნოტარიულად დამოწმება საერთოდ არ არის საჭირო, ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებაა საჭირო, რაც რეესტრის თანამშრომელმაც შეიძლება განახორციელოს.
თუ მხარეები სანოტარო აქტით დაამოწმებენ ხელშეკრულებას, მაშინ საკმარისი ერთ-ერთმა მხარემ წარადგინოს რეესტრში ხელშეკრულება, რათა მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხოლო თუ სანოტარო აქტით არ არის დამოწმებული ხელშეკრულება, მაშინ ორივე მხარე უნდა მივიდეს და მათი ხელმოწერებული დაადასტუროს რეესტრის თანამშრომელმა, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის, მეორე მხარეს შეუძლია სასამართლოს გზით მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეესტრში (ანუ ვალდებულების შესრულება).
ოქტომბერი 15, 2014 at 19:00 #2949EdikaParticipantხო, მართალი ხარ, ჩვეულებრივ მოითხოვს იძულებითი წესით ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ამ შემთხვევაში საკუთრების შეძენის საფუძველი იქნება არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება.
ოქტომბერი 15, 2014 at 19:06 #2952ივერიელიParticipantსასამართლო გადაწყვეტილება მერე რას დაეფუძნება? ნასყიდობის ხელშეკრულებას. 311-ე მუხლი აბსოლუტურად ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნორმაა და განსაზღვრავს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც უნდა განვასხვაოთ ვალდებულებითი სამართლებრივი გარიგებისგან.
მხარეებს ვალდებულება წარმოეშობათ, როცა დადებენ მარტივი წერილობითი ფორმით უძრავი ნივთის ნასყიდობას, კერძოდ სკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით გამყიდველი ვალდებულია გადასცეს საკუთრების უფლება მყიდველს, ხოლო ამ უკანასკნელმა უნდა მიიღოს შესრულება..
ოქტომბერი 15, 2014 at 20:12 #2955EdikaParticipantხო ეგრე ვიფიქრე რომ 311 ეხება ისეთ შემთხვევას როცა თვითონ მხარეებს მიაქვთ საჯარო რეესტრში ხელშეკრულება. დადასტურების გარეშე რომ მიიტანონ ხელშეკრულება არ დაურეგისტრირებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვალდებულება არ არსებობს მათ შორის და მყიდველს არ ააქვს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება.
ივლისი 28, 2015 at 22:02 #28733CrassusParticipantუძრავი ნივთის მესაკუთრეობის პრეზუმფცია
უძრავი ნივთის გამსხვისებლის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საკმარისია- მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ გამსხვისებელი მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრსი, შემძენს ყოველგვარი სხვა საფუძვლის გარეშე შეუძლია ჩათვალოს, რომ გამსხვისებელი მესაკუთრეა.
ამ წესიდან დაშვებულია გამონაკლისი იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. თუ შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, თუნდაც ეს უკანასკნელი მესაკუთრედ იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ჩაითვლება, რომ შემძენმა ნივთი არამესაკუთრისაგან შეიძინა, ანუ გარიგება ბათილია.
ივლისი 29, 2015 at 14:29 #28736CrassusParticipantმოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა
მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია ორი პირობა:
ა. მესაკუთრემ გადასცეს შემძენს ნივთი.
ბ. შემძენზე ნივთის გადაცემა მოხდეს ნამდვილი უფლების საფუძველზე.
ნივთის გადაცემა შეიძლება სამი სახით განხორციელდეს:
- ნივთის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში- ამ შემთხვევაში შემძენი ფაქტობრივად ეუფლება ნივთს.
- ნივთის გადაცემა არაპირდაპირ მფლობელობაში, როცა ძველი მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირი მფლობელი- მაგ: ავტომობილს ფაქტობრივად ფლობს კვლავ ძველი მესაკუთრე, თუმცა მას აღარ გააჩნია ავტომობილზე საკუთრების უფლება, რომელიც გადაცემული აქვს ახალ შემძენს, რომელიც წარმოადგენს ამ ნივთს არაპირდაპირ მფლობელს, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე.
- მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება- მოძრავი ნივთი აქვს მესამე პირს, რომელიც წარმოადგენს ამ ნივთს პირდაპირ მფლობელს, ხოლო არაპირადპირი მფლობელობა გადაეცემა ახალი მესაკუთრეს, მასვე ექნება მოძრავი ნივთის გამოთხოვის უფლება, როცა მესამე პირის მფლობელობის უფლება შეწყდება.
ივლისი 29, 2015 at 14:30 #28738BLHKeymasterმოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი
მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე ნივთის გადაცემისას, სახეზეა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნივთის განკარგვა და შესაბამისად გარიგება იქნება ბათილი და საკუთრების უფლება არ გადავა შემძენზე.
თუმცა ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს განსაზღვრავს სკ-ის 187-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მოძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი გახდება ნივთის მესაკუთრე იმ შემთხვევაშიც, როცა გასხვისება ხორციელდება მესაკუთრის ნების გარეშე და შემძენმა არ იცის და არც შეიძლება სცოდნოდა აღნიშნული გარემოება.
ამ ნორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სკ-ს 158.1-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც- ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
შემძენის კეთილსინდისიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ შემძენმა მასზე ნივთის გადაცემის შემდეგ შეიტყო, რომ ნივთის გამსხივსებელი არ იყო მესაკუთრე. ანუ კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
თუმცა ამ გამონაკლისის გამონაკლისია განსაზღვრული სკ-ს 187.2-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ,მიუხედავად კეთილსინდისიერებისა შემძენი არ ხდება მესაკუთრე, თუ მესაკუთრეს ეს ნივთი დაეკარგა, მოპარეს, ან მისი ნების წინაამღვდეგ გავიდა მისი მფლობელობიდან ანდა შემძენმა ნივთი უსასყიდლოდ მიიღო. ეს წესი არ გამოიყენება ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ. მაგ: თუ შემძენმა აუქციონზე ისეთი ნივთი შეიძინა, რომელიც მესაკუთრის მფლობლობიდან თუნდაც მისი ნების საწინაამღვდეგოდ გავიდა, შემძენი მაინც შეიძენს საკუთრებას.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.