Viewing 10 posts - 11 through 20 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #28367
    BLH
    Keymaster

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამდგარი ზიანი

    (სუსგ. N-ას-307-291-2011) ეხება იმავე 636-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხს, რაზეც ბოლო პოსტში ვისაუბრეთ, მოცემულ საქმეში უზენაესი სასამართლო უთითებს ზემოთ მოყვანილ გადაწყვეტილებაც.

    სააპელაციო სასამართლოს განმარტება: “სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი, აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი საქმეზე დგინდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოშლის ფაქტობრივი გარემოება.”

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით იქნეს გამოხატული, მათ შორის არაჯეროვან შესრულებაში. მტიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მახარეზეა. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ამავე მუხლითაა განმარტებული მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. როგორც მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებიდან ირკვევა, საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა არა მხოლოდ ის, ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებას ჰქონდა თუ არა ადგილი, არამედ ისიც, არსებობდა თუ არა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი (იხ.სუსგ 08.06.2010წ., ¹ას-87-82-2010).”

    #29018
    BLH
    Keymaster

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისას დამდგარი ზიანი

    (სუსგ. № 3კ-572-03) აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მოშლას, სკ-ის 631.2-ე მუხლის საფუძველზე.

    ფაქტობრივი გარემოებები: მხარეებს შორის დაიდო ორი ნარდობის ხელშეკრულება სკოლების მშენებლობის თაობაზე. ორივე ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 27000 აშშ დოლარს, ამ თანხიდან მენარდეს ავანსის სახით მიღებული ჰქონდა 7000 აშშ დოლარი.

    მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ბოლომდე არ შეუსრულებია იმის გამო, რომ დამკვეთმა ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება.

    სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება ზარალის ჩათვლით 102123 ლარს შეადგენს (ექსპერტის დასკვნა). მათ შორის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, მუშახელისა და მექანიზმების მოცდენის გამო მიყენებული ზიანი 28114 ლარის ტოლია. მოპასუხე მართალია, არ ეთანხმება არც შესრულებული სამუშაოების ღირებულების ექსპერტისეულ გაანგარიშებას და არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას, მაგრამ მას საწინააღმდეგო მტკიცებულებები არც რაიონულ სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენია.

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების არსებობას. სკ-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ის სამუშაოები, რომელიც ხელშეკრულებაში იყო მითითებული, ხოლო შემკვეთს გადაეხადა 27000 დოლარი.

    სკ-ს 631-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახარჯვის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

    მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მენარდისათვის წინასწარვე ცნობილი იყო გადახარჯვის შესაძლებლობა (იგი ტენდერში გამარჯვებული საზოგადოებაა და ხარჯთაღრიცხვა მის მიერვე შეგნებულად დაბალ ფასებში იყო გაანგარიშებული) მას უფლება არა აქვს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბებისათვის მოითხოვოს შეთანხმებულ საზღაურზე მეტი.

    მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ შემკვეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებამდე ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება სკ-ს 633-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სამუშაო ვადის სხვაგვარი გამოყენებით მიუღებელი შემოსავლისათვის, მაგრამ ეს ზიანი არ შეიძლება სცდებოდეს ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვას, ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში სხვა საკითხებთან ერთად სამუშაო ძალის გამოყენების საზღაურიც შედის.

    საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 633-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს 394-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 409-ე მუხლი.

    სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 411-ე მუხლი, სწორად განმარტა იგი, მაგრამ ამ მუხლის შესაბამისად არასწორად განსაზღვრა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა. სკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

    ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მენარდემ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს დანარჩენი 20000 აშშ დოლარი, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა შემკვეთს, ანუ ვადაზე ადრე რომ არ შეეწყვიტა ხელშეკრულება (დადგენილია, რომ ავანსის სახით მენარდეს მიღებული აქვს 7000 აშშ დოლარი).

    #29021

    შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

    (სუსგ. ას-852-1076-04)

    სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისათვის არ გადაეცინებინა.

    საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიუთითა რა აღნიშნულ ნორმებზე, არ დაადგინა შეთანხმებული სამუშაოს შესრულებისათვის რა აუცილებელი მოქმედება არ შეასრულა კომპანია „ი.-მა“, რამ განაპირობა ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა და მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებით გამოირიცხა თუ არა სს „ა.-ის“ ბრალი ხელშეკრულების შეუსრულებლობაში.

    სკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში — თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

    ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირველესად ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით უნდა დაადგინოს მხარეთა ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ორივე მხარის ბრალეულობის გათვალისწინებით იმსჯელოს მათი პრეტენზიების კანონიერებაზე და პასუხისმგებლობის შესაბამისობაზე ვალდებულების დარღვევასთან.

    #28370

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა სამუშაოს ნაკლის არსებობისას

    (სუსგ. N- ¹ას-889-1175-09) მოცემული გადაწყვეტილება ეხება სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლასა და ზიანის ანაზღაურების საკითებს. განმარტებული ნორმები– სკ-ის 644 და 638-ე მუხლები.

    ფაქტობრივი გარემოებები: მენარდეს უნდა შეესრულებინა 371.5 კვ.მ-ზე სამუშაო თითოეული კვ. მ-ს ფასი 200 დოლარის მოცულობით, სულ 74.300 დოლარის სამუშაო.  სამუშაოს შესრულდა ნაკლიანად, შემკვეთმა მოშალა ხელშეკრულება და თვითონ გამოასწორა ნაკლი, შედეგად მან გადაუხადა მენარდეს მხოლოდ 48.500 დოლარი. მენარდემ მოითხოვა დარჩენილი თანხის ანაზღაურება, ხოლო შემკვეთმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ნაკლის გამოსოწრებისათვის მას დაეხარჯა 25.000 დოლარი. უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ 9.000 დოლარის ხარჯი ცნო და დანარჩენი 16.800 დოლარის ანაზღაურება დაავალა შემკვეთს მენარდის მიმართ.

    უზენაესის განმარტება: “მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარვეზებით შესრულების ფაქტის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი უფლებას აძლევს შემკვეთს, 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მოშლის შედეგად კი, ამავე კოდექსის 352-ე მუხლი ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას, ანუ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.”

    “მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოებაც, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც მას აძლევს უფლებას, მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას (სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლი). ამავდროულად, მენარდე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ხარჯები, რაშიც უპირველესად იგულისხმება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო გაწეული ხარჯები.”

    “სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა 371,5 კვ.მ სამუშაოს მოცულობა, რომლის ღირებულება ხელშეკრულებითვე თითოეული კვადრატული მეტრისათვის 200 აშშ დოლარია. შემკვეთს გადახდილი აქვს 48 500 აშშ დოლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის დახარჯულ იქნა 9 000 აშშ დოლარი. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა მოსარჩელე მხარის _ შპს “მშენებელი-2007-ის” მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამ ოდენობის სამუშაოთა ჩატარების აღიარებას. ა.გ-ძე სადავოდ ხდის რა ამ გარემოებას, უთითებს, რომ მის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის შესრულებულია 25 000 აშშ დოლარის სამუშაო, თუმცა არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.”

    #28129
    BLH
    Keymaster

    მენარდის მიერ ხელშეკრულების მოშლა

    მენარდე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუმცა უნდა არსებობდეს შემკვეთისათვის სამუშაოს სხვაგვარად მიღების შესაძლებლობა. წინაამღვდეგ შემთხვევაში,თუკი მენარდეს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შემკვეთი განიცდის ზიანს, მენარდემ უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

    მაგ: შემკვეთმა დაუკვეთა შპს „არკას“ სახლის მშენებლობა. ამ უკანასკნელმა გარკვეული სუბიექტური გარემოებების გამო ჩათვალა, რომ მიზანშეუწონელი იყო სამუშაოს ბოლომდე განხორციელება და გადაწყვიტა ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა სამუშაოს იგივე პირობებით შესრულების მზადყოფნა განაცხადა შპს „ნურიმ“, შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულების მოშლა შპს „არკას“ მიერ მართლზომიერია და იგი არ იქნება ვალდებული აანაზღაუროს ზიანი.

    თუმცა თუ ვერ მოხდა იგივე სამუშაოს, იმავე პირობებით შესრულება, მაშინ განცდილი ზიანის ანაზღაურება მოუწევს შპს „არკას“.

    მენარდე ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან თავისუფლდება, თუ შეწვეტისათვის არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი. (აღნიშნული ფასდება ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში გარემოებებიდან გამომდინარე). აღნიშნული წესი განსაზღვრულია, როგორც სკ-ის 637-ე მუხლის მე-2 წინადადებაში, ასევე 399-ე მუხლში.

    ნარდობის ვადამდე შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველია ასევე  სსკ-ს 398-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებითი ცვლილება, რაზეც ზემო პოსტებში უკვე ვისაუბრეთ.

    როცა ხელშეკრულება წყდება ვადამდე მენარდეს მოთხოვნით, სკ-ის 399-ე და 638-ე მუხლები მას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს შემკვეთისაგან გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრეულ მომსახურეობას.

    მაგ: თუ ხელშეკრულება შეწყდა ვადამე, იმ საფუძვლით, რომ შემკვეთმა მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, არ გამოცვალა უხარისხო მასალა, მენარდეს უფლება აქვს შეწყვტიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გაწეული მომსახურეობის ანაზღაურება, ეს იმ შემთხვევაში როცა შემკვეთს აქვს ინტერესი იმ შესრულებისადმი, წინაამღვდეგ შემთხვევაში მენარდე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

    #28130
    BLH
    Keymaster

    მენარდის გაფრთხილების ვალდებულება და ხელშეკრულების მოშლა

    მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:

    ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია- მაგ: „ა“ კომპანია აშენებს სახლს, შემკვეთი უზრუნველყოფს მასალით, აღმოჩნდება, რომ შემკვეთმა მიიტანა უხარისხო მასალა, რომლითაც სახლის მშენებლობა გამოიწვევდა მშენებლობის უხარისხობას, ასეთ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემკვეთს და მოსთხოვოს მასალის გამოცვლა.

    ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს განმარტება (იხ. სუსგ ას-106-442-05): 

    შემკვეთმა მიაწოდა უხარისხო მასალა მენარდეს, ამ უკანასკნელმა შეატყობინა ამის შესახებ, თუმცა შემკვეთმა არ მოახდინა რეაგირება, მენარდემ კი ბოლომდე შეასრულა სამუშაო, რომელიც უხარისხო გამოდგა.

    “ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაო არის უხარისხო, მაგრამ ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ თვით მასალაც უხარისხოა. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაერკვია ის გარემოება, შეიძლებოდა თუ არა უხარისხო მასალას მოეხდინა გავლენა სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ანუ შესრულებული სამუშაოს უხარისხობა ხომ არ იყო განპირობებული თვითონ მასალის ხარისხით. აღნიშნულ გარემოებას მნიშვნელობა ენიჭება სკ-ის 645-ე მუხლის გამოყენებისას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნაკლი გამოწვეულია თვით შემკვეთის მასალის უხარისხობით, მაშინ შემცირდება საზღაურის ოდენობაც.”

    ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება- მაგ: შემკვეთმა შეიძლება სხვადასხვა მითითება მისცეს მენარდეს, თუმცა მენარდე, როგორც საქმის სპეციალისტი ხვდებოდეს, რომ შემკვეთის კონკრეტული მითითების შესრულება გამოიწვევს სამუშაოს უხარისხოდ შესრულებას, ასეთ შემთხვევაში მენარდემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ შემკვეთს.

    გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.

    თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    მაგ: შემკვეთმა მისცა ისეთი მითითება მენარდეს, რომელიც განაპირობებდა სამუშაოს უხარისხოდ შესრულებას, მენარდემ შეატყობინა ამის შესახებ მას, თუმცა უშედეგოდ, ასეთ შემთხვევაში მენარდე უფლებამოსილია მოშალის ხელშეკრულება და მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, ასევე იმ მდგომარეობაში მისი აღდგენა, რომელშიც იგი იქნებოდა, ხელშეკრულება, რომ არ მოშლილიყო ვადამდე.

    თუ შემკვეთი დაამტკიცებს, რომ მისი მითითება ობიექტურად არ იწვევდა სამუშაოს ხარისიხის გაუარესებას და მენარდე ცდებოდა თავის პოზიციაში, მაშინ იგი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებას ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის არამართლზომიერად განხორციელებისათვის.

    #28131

    უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება

    თუ სამუშაო მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მენარდე ვალდებულია გადასცეს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

    უფლებრივი ნაკლი- ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. მაგ: მესამე პირს ნაკეთობაზე გირავნობის უფლება აქვს, ან სულაც აცხადებს, რომ ეს ნაკეთობა მისია.

    ნივთობრივი ნაკლი- ნაკეთობის ხარისხი უნდა ემთხვეოდეს შეთანხმებულ ხარისხსს. როცა იგი არ არის გათვალისწინებული ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. (სკ-ის 641.1-ე მუხლი)

    ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

    შემკვეთის მოთხოვნები ნაკლიანი ნივთის მიწოდებისას:

    დამატებითი შესრულების მოთხოვნა

    თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

    დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. ამ შემთხვევაში მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

    თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.

    თუ მენარდე დამატებითი შესრულების ფარგლებში შეასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად, მაშინ შემკვეთი აღარ იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებისათვის, თუმცა მას შეეძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება შესრულების ვადის გადაცილებისათვის.

    ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ

    თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

    შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის.

    საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო

    შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

    ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგები

    თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.

    მენარდის მიერ ნაკლის განზრახ დაფარვის შედეგები

    თუ მენარდე ნაკლს განზრახ დაფარავს, მას არ შეუძლია მიუთითოს შეთანხმებაზე, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს შემკვეთის უფლებებს ნაკეთობის ნაკლის გამო.

    #29020
    BLH
    Keymaster

    ნივთობრივი ნაკლი და ფასის შემცირება

     (სუსგ. ას-184-177-2013)

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 642--645- მუხლებით გათვალისწინებული დამკვეთის დამატებითი მოთხოვნის უფლებები არ გამორიცხავს ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ბუნებრივია, თუ დამკვეთის პრეტენზიის საფუძველი საზღაურის გადახდამდე წარმოიშობა,ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შესაბამისად აისახება ანაზღაურებაზეც, მაგრამ, თუ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებს საზღაურის გადახდას ნივთის გადაცემამდე, დამატებითი მოთხოვნის უფლების შესაძლო არსებობა ამ ვალდებულებაზე გავლენას არ ახდენს. მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 655- მუხლის მიხედვით, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხებახუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

    სააპელაციო სასამართლოს მტკიცებიდან გამომდინარე, თუ მენარდეს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ანაზღაურების მოთხოვნა, თუ დამკვეთი პრეტენზიას არ წარუდგენს, მაშინ იგულისხმება, რომ იგი ამ საპრეტენზიო ვადების გასვლასაც უნდა დაელოდოს, რაც, ცხადია,უსამართლოა და სამართლებრივად არასწორი.

    #28374
    Crassus
    Participant

    სამუშაოს ნაკლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (ას-195-186-10)

    ფაქტობრივი გარემოებები: მენარდემ ნაკლიანად შეაკეთა შემკვეთის ავტომობილი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაზიანდა და საჭირო გახდა მისი მენარდის სადგომზე დაყენება. მენარდემ დაარიცხა შემკვეთს სადგომის სარგებლობისათვის თანხა და არ მისცა ავტომობილის გადაყვანის საშუალება, სანამ არ მოხდა სადგომის სარგებლობისათვის თანხის სრულიად დაფარვა. ავტომობილი იდგა ღია ცის ქვეშ 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში.

    საბოლოო ჯამში მენარდეს დაეკისრა, როგორც მანქანისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ისე მისი ღია ცის ქვეშ დგომიდან გამომდინარე არანორმირებული ცვეთის შედეგად დამდგარი ზიანი, ასევე დაუბრუნდა სადგომზე მანქანის დგომისათვის გადახდილი თანხაც.

    #28133

    სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით

    ნარდობის დამახასიათებელი პრინციპია, რომ თუ მხარეთა შეთანხმებით რამე სხვა არ არის გათვალისწინებული, სამუშაოს შესრულება ხდება მენარდის მასალით და მისი ძალისხმევით. ამ შემთხვევაში მენარდეს ეკისრება პასუხისმგებლობა მასალის ხარისხისათვის.

    თუ მენარდე იყენებს შემკვეთის მასალას იგი პასუხისმგებელია ამ მასალის არასწორი გამოყენებისათვის, ამავდროულად იგი ვალდებულია წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

    თუ სახეზეა შერეული მასალა, (შემკვეთისა და მენარდის), მენარდე ვალდებულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს ეს მასალა, ისე, რომ შემკვეთს არ მიადგეს ზიანი, წინაამღვდეგ შემთხვევაში მას ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს ზოგადი ნორმების საფუძველზე.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.