Viewing 10 posts - 21 through 30 (of 163 total)
  • Author
    Posts
  • #2680
    Edika
    Participant

    ზუსტად მაგ შემთხვევაზეა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში N- ას-386-737-07, სადაც უზენაესი  სასამართლო ამბობს რომ წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს არ მიღება თავისთავად არ წარმოადგენს საპატიო საფუძველს, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რამდენად ჯეროვნად ასრულებს მშობელი თავის მოვალეობებსო.

     

    #1896
    Edika
    Participant

    სამკვიდროს ვადის გაგრძელება: ნოტარიუსი, როგორც მოპასუხე

    მემკვიდრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ვადის გაგრძელება. სასამართლომ დააკმაყოფილა. რა უცნაურობას ხედავთ?

    #31360
    BLH
    Keymaster

    @Edika

    მოპასუხე ნოტარიუსი არ უნდა ყოფილიყო, არამედ სხვა მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. აღნიშნული საკითხი ნათლად ჩანს ამ საქმეში – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-830-882-2011.

    #1902

    არაუფლებამოსილი პირის მიერ სამკვიდროს მიღება და განკარგვა

    მემკვიდრემ შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი თითქოს არ იყვნენ სხვა მემკვიდრეები და მთლიანად გაიფორმა სამკვიდრო. ამის შემდეგ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ქონება გადასცა საკუთრებაში თავის ბიძაშვილს.

    თანამემკვიდრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა თავისი წილის ნაწილში ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო მოწმობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

    სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მარჩენალი სცნო არაკეთილსინდისიერ შემძენად. მთავარი არგუმენტი რაზეც სასამართლომ დაამყარა თავისი გადაწყვეტილება იყო ის რომ, რადგან ბიძაშვილი იყო უნდა სცოდნოდა რომ მოსარჩელე იყო პირველი რიგის მემკვიდრეო (ანუ ეს უკვე საკმარისია). ამასთან უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და კეთილსინდისიერების დასამტკიცებლად უნდა ეცნობებინა მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დადებამდეო. რას იტყვით?

    #31376
    BLH
    Keymaster

    @Edika

    (სუსგ N-ას-658-619-2011 ; N-ას-877-825-2010) როცა მემკვიდრე ასხვისებს სამკვიდროში შემავალ უძრავ ქონების იმ წილს, რომელიც მას არ ეკუთვნის ასეთი განკარგვა ბათილია თუ მისი ბიძაშვილი ან მსგავსი ხარისხის ახლო ნათესავია უძრავი ქონების შემძენი.

    ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლომ ახლო ნათესავებზე დააწესა კეთილსინდისიერების უფრო მაღალი სტანდარტი, მათ გააჩნიათ გონივრული ვალდებულება ჩაეძიონ სამკვიდროსთან დაკავშირებულ საკითხებს და გაერკვნენ სამკვიდროში შემავალი ქონება მართლაც ეკუთვნის თუ არა განმკარგველ ნათესავს.

    პრინციპში ვეთანხმები ამ განმარტებას, რადგან  შემძენის ახლო ნათესაობა არის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანია შემძენის კეთილისნდისიერების განსაზღვრაში: მან იცის ოჯახის შიდა სამზარეულოში რა ხდება, მან იცის ვინ არიან მემკვიდრეები, როგორია მათი ნება სამკვიდროსთან დაკავშირებით.   ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც კანონის არ ცოდნა ან მისი არასწორედ გაგება არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისაგან, ამ შემთხვევაში ამ მუხლის ისე განმარტება, შეიძლება, რომ თუ გვაქვს სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და ამის შესახებ იცის შემძენმა, მაგრამ კანონის არ ცოდნის გამო ვერ აცნობიერებს, რომ სახეზეა სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების შემთხვევა, აღნიშნული ვერ გახდება მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, ანუ  ხელშეკრულების არ გაბათილების საფუძველი.

    #1984

    დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემა

     

    (სუსგ. N-ას-219-545-09)

     

    გარდაიცვალა პირის საკუთრებაში ტექბიუროს მონაცემების მიხედვით ირიცხებოდა 58 კვ.მ ბინა, თუმცა რეალურად ეს ბინა იყო 225 კვ.მ. (ანუ მოშენებული იყო დანარჩენი ნაწილი, მაგრამ დაურეგისტრირებელი ტექბიუროში).

     

    სააპელაციომ თქვა, რომ სამკვიდრო მასაში არ უნდა შევიდეს 225 კვ.მ, არამედ მხოლოდ 58 კვ.მ უნდა შევიდეს, რადგან ტექბიუროში, რაც არის რეგისტრირებული მხოლოდ ის ქონება უნდა შედიოდეს სამკვიდრო მასაშიო. უზენაესი არ დაეთანხმა და თქვა, რომ მთლიანად 225 კვ. უნდა შევიდესო:

     

    “სკ-ს 1328-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ფართი მიმატებული იყო მამკვიდრებლის მიერ, მაგრამ ვერ აღირიცხა იმ დროს ტექბიუროში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქონება წარმოადგენს აწ გარდაცვლილის სამკვიდრო აქტივს.”

    #1987

    დაურეგისტრირებელი ქონების მემკვიდრეობით გადაცემა

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-950-1229-09)

    ამ გადაწყვეტილებაში საუბარია დაურეგისტრირებელ ქონების მემკვიდრეობით გადაცემაზე (არც ტექბიუროში არ არის რეგისტრირებული სახლი და არც რეესტში)

    სააპელაციომ განმარტა, რომ ასეთი სახლი არ გადასულა მემკვიდრეობით, რადგან “საცხოვრებელ სახლი არ არის რეგისტრირებული უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში, არ შედის სამკვიდრო მასაში და ჯ. გ-შვილს აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია.”

    უზენაესი არ დაეთანხმა და განმარტა:

    “სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამკვიდროში შედის მამკვიდრებლის ნებისმიერი უფლებები, მათ შორის, არამარტო უფლებები დაკანონებულ უძრავ ქონებაზე, არამედ -სხვა უფლებებიც, რაც მას სიცოცხლეში ეკუთვნოდა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, … ქ-ის #31ა საცხოვრებელი სახლი არ არის რეგისტრირებული საჯარო რესტრში როგორც უძრავი ქონება, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ამ სახლზე, რო-გორც დაუკანონებელ უძრავ ნივთზე არანაირი უფლებები არ არსებობს და ისინი არ არის გადაცე-მადი. დაუკანონებელ სახლზე არსებული უფლება, რაც ე. გ-შვილს გააჩნდა -ეს მისი სამკვიდრო აქტივია.”

    #1914

    დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემა

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1169-1115-2013

    უზენაესი სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების მიხედვით, უძრავი ქონება შედის სამკვიდრო მასაში, იმის მიუხედავად მამკვიდრებლის საკუთრების უფლება არის თუ არა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

    „სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ბინათმშენებლობის კოოპერატივ „ძმობას“ მეპაიე წევრი იყო ქ. ა-ე, რომელსაც 1992 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სადავო ბინის ღირებულება მთლიანად გადახდილი ჰქონდა, მან ამ ბინაზე მოიპოვა საკუთრების უფლება. შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე კანონით მოპოვებული საკუთრების უფლება შევიდა აწ გარდაცვლილი ქ. ა-ის სამკვიდროში.

    სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატა არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ქ. ა-ეს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში  არ დაურეგისტრირებია, ამდენად, აღნიშნული უფლება სამკვიდრო მასაში არ შესულა.

    სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების წარმოშობა არ შეიძლება დაუკავშირდეს მხოლოდ საჯარო რეესტრის ინსტიტუტს. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ქ. ა-ემ მოიპოვა თავისი საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება.“

     

    #2006

    უძრავი ქონების მიღება მემკვიდრეობით

     

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-263-244-10, ეხება ისეთ გარემოებას, როცა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, (მათ შორის უძრავი ქონება), მაგრამ რეგისტრაცია ვერ მოასწრო რეესტრში და გარდაიცვალა.

     

    “კონკრეტულ შემთხვევაში დავის შინაარსი უკავშირდება მცხეთის რაიონში, სოფ. დიღომში მდებარე უძრავ ქონებას.  აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წესით უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ნივთების საკუთრების შეძენის წესს. ამდენად, უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, მასზე საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ განხორციელებულა. ამ დანაწესების დაცვის შემთხვევაში მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად.

      

    სადავო სამკვიდრო მოწმობის პერიოდში მოქმედი «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის» 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოითხოვოს ამ ინსტრუქციის მე-40-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მითითებული ინსტრუქციის მე-40 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ მ. შ-იას მიღებული ჰქონდა ს. შ-იას სამკვიდრო, ის ფაქტი, რომ მის სახელზე ეს ქონება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, უთითებს იმაზე, რომ მას არ შეუძენია ამ ქონებაზე საკუთრების უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სამკვიდრო მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.”

    #2013
    Edika
    Participant

    საკუთრების წარმოშობისთვის მართალია საჭიროა 183-ე მუხლის დაცვა, მაგრამ მემკვიდრეობით ქონებაზე საკუთრების უფლების მიღება ხასიათდება თავისი სპეციფიკით, კერძოდ სამკვიდრო მიღებულად ითვლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და ამავდროულად, თუ მოხდება სამკვიდროს ნაწილის მიღება, ჩაითვლება, რომ პირმა მიიღო მთლიანი სამკვიდრო.

     

    აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ საქმიდან ჩანს, რომ მემკვიდრემ მიიღო, სამკვიდროში შემავალი ქონება, რომელიც მოიცავდა, როგორც მოძრავ ქონებას, ასევე უძრავ ქონებასაც, რომლის რეგისტრაციაც მან ვერ მოასწრო, გარდაცვალების გამო, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გარემოება ვერ შეცვლის ფაქტს, რომ ეს პირი გახდა მისი კუთვნილი სამკვიდროს წილის მესაკუთრე მთლიანად, რადგან მან მოძრავ ნივთზე შეიძინა საკუთრების უფლება.

     

    ამდენად, სამკვიდროს მიღებით მემკვიდრეს წარმოეშობა უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის სამართლებრივი საფუძველი და ეს სამართლებრივი საფუძველი ჩვეულებრივად გადადის მემკვიდრეობით.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 163 total)
  • You must be logged in to reply to this topic.