#3370
BLH
Keymaster

სესხის სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლები

 

მოპასუხისათვის თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის საფუძველს, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეს. მაგალითისათვის, როდესაც მხარე ითხოვს სარგებელს, დაუშვებელია მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ვინაიდან სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლები სხვადასხვაა.  (იხ. სუსგ № 1136-1067-2012)

 

 403-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი გადაცილებული დროისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პროცენტთან დაკავშირებით, გულისხმობს არა იმ პროცენტს, რომელზეც მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეთანხმდნენ, არამედ სპეციალურად ვადაგადაცილებისათვის შეთანხმებულ პროცენტს, შესაბამისად, ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მოვალეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტი არ ეკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1)მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011)

 

თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორი (ფიზიკური პირი) დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ვადაგადაცილებული პერიოდისათვის მიუღებელ შემოსავალს საერთოდ ვერ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია იმ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, რომ ნებისმიერი პირი, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ საკრედიტო დაწესებულება, საკუთარი ფულის სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის სრულად დაბრუნებამდე, უფლებამოსილია, მოითხოვოს ე.წ. `დაკარგული პროცენტი”, მიუღებელი შემოსავლის სახით. მიუღებელი შემოსავალი ფიზიკური პირი კრედიტორებისათვის საანაბრე პროცენტია, ანუ რასაც ფიზიკური პირი მიიღებდა ფულადი თანხა, ნაცვლად მოვალისათვის გადაცემისა, საბანკო ანაბარზე რომ განეთავსებინა, (იხ. სუსგ.  ას-1576-1479-2012 ) ხოლო, საკრედიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო ხელშეკრულების ვადის მოქმედების ფარგლებში მოვალესთან შეთანხმებული პროცენტი. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის მიზნით აღებული აქვს სარგებლიანი სესხი, ასეთ ვითარებაში იგი უფლებამოსილია, ძირითად თანხასთან ერთად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა, აღნიშნული ზიანი არ განეკუთვნება მიუღებელი შემოსავლის კატეგორიას, არამედ მითითებული ზიანი ფაქტობრივად დამდგარი ზიანია და მოთხოვნის საფუძველიც განსხვავებული აქვს.