მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › ინტელექტუალური საკუთრების სამართალი › სასაქონლო ნიშნები › Reply To: სასაქონლო ნიშნები
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეიძლება გადაეცეს სხვა პირს.
სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.
საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.
თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.
