მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › ქირავნობა/იჯარა › Reply To: ქირავნობა/იჯარა
საიჯარო დავებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი
(სუსგ. № ას-587-555-2011 )
„საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. მითითებული ნორმების ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარეა ვალდებული ამტკიცოს მოიჯარისთვის ქონების გადაცემა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ვადამდე მოიშალა ხელშეკრულება თუ ვადის გასვლით შეწყდა, ქონების დაბრუნების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოიჯარეს.“
