#29053

ქირავნობის არსებობის დადასტურება

 

(სუსგ. N ას-24-379-07)

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში  აღნიშნულია, რომ . მიერ სასტუმროდ ერთი წლის მანძილზე ოთხ უცხოელზე 60 აშშ დოლარად ბინის გაქირავების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით, ვინაიდან ეს გარემოება, კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული წერილობითი მტკიცებულებებით. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებები შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში ბინის სასტუმროდ გამოყენების შედეგად წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება ქირავნობის ინსტიტუტი. სამოქალაქო კოდექსის 531- მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

კანონით არ არის განსაზღვრული ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, შესაძლებელია მისი დადება როგორც ზეპირად, ისე წერილობით. განსახილველი ნორმის საფუძველზე მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა დაუკავშირონ წერილობით თუ ზეპირ გარიგებას. .. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობისათვის არ არის აუცილებელია წერილობით გარიგების დადება და მისი დაუცველობა არ იწვევს გარიგების ბათილად ცნობას. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში მატერიალურ სამართლებრივი ნორმით არ არის გათვალისწინებული მხოლოდ წერილობითი ხელშეკრულების არსებობა, რომლის დადასტურებაც შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული წერილობითი მტკიცებულებებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- მუხლის მე-3 ნაწილი).

 

იმ შემთხვევაში თუ მატერიალურსამართლებრივი ნორმით კონკრეტული ურთიერთობის რეგულირებისათვის გათვალისწინებულია გარიგების ზეპირი ფორმა (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი კანონით), ამ გარიგების არსებობა შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია,რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები და გამოერკვია . მიერ ქონებიდან მიღებული სარგებელის ოდენობა.”