სესხის პროცენტის შემცირება

greentreemobilehomelender

შეიძლება თუ არა სესხის პროცენტის შემცირება?

სესხის პროცენტი წარმოადგენს, მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობისთვის გადასახდელ სარგებელს.

აქტუალური საკითხია, თუ რამდენად შეიძლება მხარეთა მიერ  სესხის არაგონივრული პროცენტის შემცირება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონი, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ აწესებს პროცენტის ზღვრულ ოდენობას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ არსებული სასამართლო პრაქტიკა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N2/8039-14 :

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მხარეთა მიერ დადებული სესხის  ყოველთვიური პროცენტი შეადგენდა 5%-ს. სასამართლომ ნაწილობრივად ბათილად სცნო პროცენტის ოდენობა და შეამცირა იგი თვიური 0.75%-ად.

სასამართლომ განმარტა, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს,  ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სასამართლოს გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ. სასამართლოს მოსაზრებით ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დადგენილია ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

ანალოგიური განმარტება გააკეთა საქალაქო სასამართლომ საქმეზე  N-2/15104 -13.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 10 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 120%- არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54- მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით (http://nbg.gov.ge , საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა), 2011-2012 წლებში უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 14,5 %, რაც თვეში საშუალოდ 1.2%.-ის ტოლია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად.

მსგავსი შინაარსის განმარტება გააკეთა სააპელაციო სასამართლომაც.იხ. სუსგ.№ას-970-928-2013                                    

„სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა სესხისა ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ სესხისათვის 5% სარგებლის დადგენის ნაწილში და აღნიშნული პირობა მხოლოდ ნაწილობრივ – 1,5%-ის ოდენობით სარგებლის დადგენის ნაწილში მიიჩნია მართლზომიერად.“

„მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სესხისათვის სარგებლის განსაზღვრასთან დაკავშირებული პირობის შეფასებისას სასამართლომ მიუთითა   საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის  შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა  ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე ამის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების  მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისაგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.„

დასკვნა: ზემოთ მოყვანილი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სესხის პროცენტის ოდენობის არაგონივრულობის შემთხვევაში, არსებობს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც არაგონივრული პროცენტი შეიძლება შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, რისი საფუძველიც არის სამოქალაქო კოდესის 54-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ბათილია ისეთი არაგონივრული სესხის პროცენტზე შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსან ზნეობის ნორმებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *