სესხის გადაკისრება

Best-Online-Services-to-Take-a-Home-Loanსესხის გადაკისრება

გამსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც. ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს მსესხებლის ადგილს.

მსესხებელს უფლება აქვს არ დაეთანხმოს გამსესხებლისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

მაგ: ნინომ ისესხა მარიამისგან 10.000 ლარი. ნიკას შეუძლია შეუთანხმდეს მარიამს, რომ მან იკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნინოს ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში ნიკა დაიკავებს ნინოს ადგილს. თუმცა ნინო უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღნიშნულზე და თვითონ გადაიხადოს ვალი.

თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მსესხებელი, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია გამსესხებლის თანხმობაზე.

მაგ: მარიამის მოვალე ნინო და ნიკა შეთანხმდნენ, რომ ნინოს მაგივრად სესხს დააბრუნებდა ნიკა. ასეთი შეთანხმების ნამდვილობა დამოკიდებულია მარიამის ნებაზე.

ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.

მაგ: მარიამის მოთხოვნა ნინოს მიმართ უზრუნველყოფილია „ა“-ს თავდებობით და „ბ“-ს ქონებაზე იპოთეკით. თუ მოხდება ვალის გადაკისრება ნინოსგან ნიკასთვის, მაშინ „ა“-ს თავდებობა და „ბ“-ს ქონებაზე იპოთეკა შეწყდება თუ ეს უკანასკნელები თანხმობას არ გამოთქვამენ გააგრძელონ უზრუნველყოფა.