სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების შედეგები

ery-300x160-300x160სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების შედეგები

მემკვიდრეობის მისაღებად, მემკვიდრეებმა უნდა გამოავლინონ სამკვიდროს მიღების ნება, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსადმი მიმართვით ან ფაქტობრივი დაუფლებით.

აღნიშნულ ვადაში სამკვიდროს მიღების ნების გამოუხატველობა ქმნის სამკვიდროს მიღებაზე ნების არარსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ  ქარწყლდება მემკვიდრის უფლება, სხვა მემკვიდრეების თანხმობის გარეშე მიიღოს სამკვიდრო.

სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრის უფლება, მიიღოს წილი სამკვიდროდან, დამოკიდებულია ამ სამკვიდროზე უფლებამოსილი სხვა მემკვიდრეების ნებართვაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – კანონით განსაზღვრულ ვადაში სამკვიდროს მიღების შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობის სასამართლოს მიერ ცნობაზე.

სამკვიდროს მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში მემკვიდრის  ნების არსებობაზე აპელირება, არამედ მნიშვნელოვანი აღნიშნული ნების გამოვლენის შეუძლებლობის  დადასტურება. ვადის გაშვების საპატიო საფუძვლები უნდა არსებობდეს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში და სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადის ამოწურვიდან ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თარიღამდე.

მაგ: „ა“ გარდაიცვალა 2011 წლის 10 იანვარს, მის მემკვიდრე „ბ“-ს არ მიუღია სამკვიდრო „ა“-ს გარდაცვალებიდან 6 თვის მანძილზე, მან 2012 წლის 10 იანვარს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას სამკვიდრო ვადის გაგრძელების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ბ“ დაამტკიცებს, რომ მისთვის შეუძლებელი იყო სამკვიდროს მიღების საკითხთან დაკავშირებით ნების გამოვლენა 2011 წლის 10 იანვრიდან 2012 წლის იანვრის ჩათვლით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნების არ გამოვლენა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის მანძილზე ქმნის კონკრეტულ სამართლებრივ პრეზუმფციას, რომ პირს არ ჰქონია სამკვიდროს მიღების ნება და ასეთ შემთხვევაში იგი კარგავს სამკვიდროზე უფლებას, ხოლო ამ უფლების აღდგენა შესაძლებელია ორ გამონაკლის შემთხვევაში:

1) სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება სასამართლოს მიერ.

2) სხვა მემკვიდრეთა თანხმობა ასეთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს უფლების აღდგენის შესახებ.

მემკვიდრეობით სამართალთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ჩვენს ფორუმზე, მემკვიდრეობითი სამართლის თემაში.