მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა

Decorative Scales of Justice in the Courtroom

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა

წინა სტატიაში ვისაუბრეთ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლებსა და ფარგლებზე. ამ სტატიაში გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.

მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის საკითხი არ არის კონკრეტულად დარეგულირებული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ამდენად სასამართლო ის ორგანოა, რომელმაც თითოეული დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა განსაზღვროს მორალური ზიანის ოდენობა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ განსაზღვრავს სასამართლოს მორალური ზიანის ოდენობას:

„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა.

კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი,  ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის  გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული.  სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. ს-მა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, ამასთან თავის ქალის ნაწილი შეუცვალეს პლასტიკით, ხოლო ს. ს-ას, მიღებული დაზიანებების გამო, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და მიიჩნევს, რომ, შესაბამისად, 4200 და 2400 ლარი სამართლიანი ანაზღაურებაა მათ მიერ განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ.“ (სუსგ. №ას-95-90-2013).

იგივე პრინციპით საზღვრავს მორალური ზიანის ოდენობას უზენაესი სასამართლო საქმეზე (N-ას-353-329-2010):

„რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გონივრულ ოდენობად მას განსაზღვრავს 200 ლარით.“

აქედან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მთლიანად არის სასამართლოს გონივრული განსჯისათვის მინდობილი და ეს არც უნდა იყოს გასარკვირი, რადგან მორალური ზიანი თავისი ბუნებით არის ისეთი სახის ზიანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ფორმით შეიძლება შევხვდეთ. სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით, რომლის მიხედვითაც მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, მიანდო სასამართლოს ისეთი საკითხების განსაზღვრა, როგორიცაა მორალური ზიანის ცნება და მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლომ ყველა კონკრეტული შემთხვევის მიმართ უნდა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ფაქტების შეჯერების და ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების შეპირისპირების გზით.