მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

legalმორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი და ფარგლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ქონებრივი (მატერიალური), ისე არაქონებრივი (მორალური) ზიანი.

სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა არაქონებრივი (მორალური) ზიანის დეფინიციას. ეს საკითხი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით უნდა გადაწყდეს.

საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს, მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებს, კერძოდ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობით  პირდაპირ გვაქვს მითითება ამის შესახებ.

მაგ: მორალური ზიანი არ ანაზღაურდება, როდესაც მსესხებელი არ დააბრუნებს სესხს, რადგან საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული არც ერთი ნორმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში მიანიჭებდა გამსესხებელს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

იმისათვის, რომ პრაქტიკულად განვსაზღვროთ მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიული ფარგლები, რომელსაც ადგენს სამოქალაქო კოდექსი. საჭიროა განვიხილოთ არსებული პრაქტიკა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება საქმეზე (სუსგ, N-ას-14-466-05), სადაც სასამართლომ განმარტა:

„საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრულ  და სამართლიანი ანაზღაურების სახით.“

ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია, სკ-ის 413-ე მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები- მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნულის შესახებ მითითებულია საქართველოს კანონმდებლობაში.