ბინის გაქირავების დაბეგვრასთან დაკავშირებული ცვლილებები

For-Rent-Signბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა

საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები 2015 წლის 1 იანვრიდან დადებულ ხელშეკრულებებს შეეხება და წელს დადებული ყველა კონტრაქტი ახალი კანონის მიხედვით, 5%–ით დაიბეგრება. ამის შესახებ „კომერსანტს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81–ე მუხლში განიხილება ცვლილება, რომლის თანახმად ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, 20%–ის ნაცვლად, 5%–ით დაიბეგრება.

აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას გადასახადებისაგან თავის არიდების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები:

•   გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევა – 500 ლარი,

•   საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე.

სამართალდარღვევებისთვის სანქციის ოდენობის შეცვლა, კანონპროექტით წარმოდგენილი ვერსიით, გათვალისწინებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი 28 429 697,7 ლარი იყო. გადამხდელთა რაოდენობა კი 10 918.

მთავრობის ინიციატივა, ბინის გაქირავებაზე გადასახადის კლებასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების სააგენტოების აზრით, გაქირავების ბიზნესზეც და საბიუჯეტო შემოსავლებზეც დადებითად აისახება. მათი თქმით, 5% ისეთი თანხაა, რომლის გადახდას გამქირავებლები არ მოერიდებიან.

ამ ეტაპზე, კანონპროექტი საპარლამენტო განხილვის პროცესშია და უახლოეს მომავალში შევა ძალაში.

საგადასახადო სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის საგადასახადო სამართლის ფორუმზე.