ბრენდბუქის შინაარსი და მისი ძირითადი ელემენტები
ბრენდბუქი თანამედროვე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუკი ერთ ბრენდბუქს მაინც გაცნობილხართ, უკვე წარმოდგენა გაქვთ მისი დანიშნულების შესახებ,თუმცა როცა საქმე საკუთარი კომპანიის ბრენდბუქს ეხება მხოლოდ ზოგადი წარმოდგენის ქონა საკმარისი არაა.
მოცემული სტატიის მიზანი სწორედ ბრენდბუქის ძირითადი ასპექტების განხილვაა, რათა არა მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ ბრენდბუქზე, არამედ საშუალება მოგცეთ უფრო ღრმად გაიაზროთ მისი მნიშვნელობა თქვენი ბიზნესისთვის!
თანამედროვე წარმატებული ბიზნესისათვის ბრენდბუქის არსებობა სასურველი კი არა, შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელიცაა. ბრენდბუქი ეს არის ისტორია, რომელიც გვიყვება თქვენს ბრენდზე, შეიცავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას მის შესახებ, იქნება ეს ლოგო, თქვენი ბრენდისათვის დამახასიათებელი ფერები, წერის სტილი თუ სხვა. ის გათვლილია, როგორც თანამშრომლებზე, ასევე მომხმარებელზე.
ბრენდბუქის შინაარსი განსხვავდება სხვადასხვა მოცულობისა და საქმიანობის მქონე კომპანიებში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ზოგად ელემენტებზე, რომლებიც ყველა ბრენდბუქშია განსაზღვრული. მოდით დეტალურად განვიხილოთ, თუ რა ელემენტებს მოიცავს ეფექტური ბრენდბუქი:
ბრენდბუქის შესავალი – ბრენდბუქის შესავალში უნდა იგრძნობდეს ბრენდის იდენტობა, მისი აურა, ბრენდის უკან მდგარი კომპანიის მიზნები.
ლოგო
ალბათ გასაკვირი სულაც არაა, თუ ვიტყვით, რომ ლოგო ბრენდის წარმატების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ფაქტობრივად ბრენდის სახეს წარმოადგენს, შესაბამისად, მას ბრენდბუქშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ლოგო პირდაპირ ასოცირდება ბრენდთან, მაგალითად, როდესაც საუბარია კომპანია APPLE-ის პროდუქციაზე, თვალწინ მაშინვე მოკბეჩილი ვაშლის ლოგო გვიდგება.
ან თუ საუბარია კომპანია სპრინგლსის ჩიფსებზე, გვახსენდება თუ არა დაუვიწყარი გამომეტყველების მქონე ულვაშებიანი მამაკაცი?
ბრენდის მიზნებიდან გამომდინარე, ხშირად საჭიროა სხვადასხვა ზომის, ფერის, ფორმის თუ დიზაინის ლოგოს შექმნა. მაგალითად ,ზოგიერითი ბრენდი სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფონტის ლოგოს იყენებს პროდუქტზე დასატანად, ამავდროულად შესაძლებელია ვებ-საიტზე სხვაგვარი ფორმის ლოგოს დატანა გახდეს საჭირო.
სწორედ აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე, ამ საკითხების მოსაგვარებლად არსებობს ბრენდბუქი, რომელიც განსაზღვრავს ლოგოს მოხმარების წესებს, სხვადასხვა სიტუაციაში. მოცემული წესების დახმარებით თავიდან აიცილებთ გაუგებრობას და დიზაინერების საქმესაც მაქსიმალურად გაამარტივებთ!
ფერთა პალიტრა
ფერებს დიდი წვლილი შეაქვს ბრენდის წარმატებაში. მათი სწორი შეხამება და გამოყენება უზრუნველყოფს თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდას მომხმარებელში და შესაბამისად, სასურველ მიზანთანაც დაგაახლოვებთ!
მეტი თვალსაჩინოებისათვის წარმოვიდგინოთ McDonald’s-ის ფერები წითელ-ყვითელის ნაცვლად, შავი ან ნაცრისფერი ყოფილიყო. დამეთანხმებით, McDonald’s-ის ამგვარ ფერებში წარმოდგენაც კი ძალიან რთულია.
ბრენდბუქის მიზანი სწორედ ისაა, რომ ჩამოაყალიბოს გარკვეული წესები ფერთა გამოყენებასთან დაკავშირებით. განსაზღვროს როგორი ფერების გამოყება აჯობებს კონკრეტულ სიტუაციაში და რა შედეგების მომტანი იქნება მათი გამოყენება.
ფონტი და სლოგანი
ყველა ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აქვს საკუთარი სლოგანი, რომელიც დამახასიათებელი ფონტით არის განსაზღვრული.
ამ შემთხვევაში ვიზუალსა და ტექსტის შინაარსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტექსტი უნდა იყოს შესაბამისობაში თქვენს ბიზნესთან, ხოლო ფონტი უნდა ასახავდეს სლოგანის უკან მდგარ აქცენტებს.
მაგალითად, სერიოზული იმიჯის მქონე კომპანიები ნაკლებად მიმართავენ გასართობ/სახალისო სტილს, როდესაც ზოგიერთი ბიზნესისათვის კლიენტების მოსაზიდად სწორედ ამგვარი ტექსტები და შესაბამისად ფონტებია საჭირო.
წერის სტილი
ეფექტური ბრენდბუქის შექმნისა და ზოგადად ბრენდის წარმატებისათვის აუცილებელია აირჩიოთ თქვენთვის დამახასიათებელი წერის სტილი, რომელიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.
შესაძლოა ვებ საიტის, სარეკლამო კამპანიის ან სხვა ტიპის კონტენტის შექმნაში რამდენიმე პირი მუშაობდეს. იმისათვის, რომ ბრენდისათვის დამახასიათებელი წერის სტილი არ შეიცვალოს აუცილებელია ბრენდბუქში განისაზღვროს კონკრეტული წერის სტილი.
ფოტოები
მარკეტინგული კამპანიების ჩატარებისა, თუ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია ფოტოების გამოყენება.
აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ფოტოების შესაბამისად შერჩევა-განათების, ფერების, სტილისა და სხვა დეტალების შეთანხმება, რის შესახებაც ბრენდბუქში უნდა განისაზღვროს შესაბამისი წესები.
საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა
მომხმარებელთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბიზნესის ეფექტურად წარმართვის საწინდარია.
ბრენდბუქში დადგენილი უნდა იყოს ბრენდის წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.
მაგ: ვინ წარმართავს მომხმარებელთან ურთიერთობას სოც.ქსელებში, კლინტთან ურთიერთობის სტანდარტები და სხვა.
აკრძალვები
ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია ბრენდთან დაკავშირებული აკრძალვების განსაზღვრა ბრენდბუქში, ვინაიდან აღნიშნული ნათლად უჩვენებს, როგორც კომპანიაში დასაქმებულებს, ისე მესამე პირებს, რა არის მიუღებელი და რა მიმართულებით არ უნდა წავიდეს კომპანიის ბრენდირების პროცესი.
მაგალითად „Skype”-ის ბრენდბუქში წარმოდგენილია გვერდი სახელით „ სიტყვები, რომელიც მოგვწონს“ და „სიტყვები, რომელიც არ მოგვწონს“. აგრეთვე, Apple-ის ბრენდბუქი მომხმარებელს უხსნის რისი გაკეთება არ არის სასურველი Apple-ის ლოგოსთან დაკავშირებით.
ბოლოსიტყვაობა
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბრენდბუქი არის თქვენი ბრენდის ანატომია, მისი ბიოგრაფია. შესაბამისად, რაც უფრო კარგად არის ჩამოყალიბებული ბრენდბუქი, მით უფრო ეფექტურია ბრენდირების პროცესი.
ბრენდბუქი, ერთი მხრივ ეხმარება თანამშრომლებს საქმიანობის უკეთ წარმართვაში და მეორე მხრივ, თქვენს პროდუქტს საზოგადოების ფართო მასებს წარუდგენს.