Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterინდ. აქტის მატერიალური კანონიერება
ინდ. აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია მის შინაარსთან, რამდენად შეესაბამება ინდ. აქტი მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ა) კანონიერების პრინციპი– უმნიშვნელოვანესი ელემენტია ინდ. აქტის მატერიალური კანონიერებისა, იგი შედგება ორი ელემენტისგან კანონიერი დათქმის პრინციპისა და კანონის უზენაესობის პრინციპისაგან, რომელთა მიხედვით ინდ. აქტი უნდა გამოიცეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.
ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი– აუცილებელია დადგინდეს ინდ. აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ნორმატიულ აქტში არის მოცემული. ინდ. აქტის ფუნქციაა მოახდინოს ნორმატიულ აქტებში განსაზღვრული უფლების კონკრეტული შემთხვევებისათვის რეალიზაცია.
გ) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება:
დისკრეციული უფლებამოსილება ანიჭებს პოლიციელს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შეცდომასთან გვაქვს საქმე :
1.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო;
2.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს (მაგ.; ის კონკრეტული ადმინისტრაციული გადაცდომისათვის ადგენს ჯარიმას 60 ლარის ოდენობით, როდესაც კანონი ამ კონკრეტული სამართალდარღვევისათვის ითვალისწინებს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე) და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
3.როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო, ასეთ შემთხვევაში ასევე სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
დ) თანაზომიერების პრინციპი
თანაზომიერების პრინციპის შემოწმებისას მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებისა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება. საშუალებასა და მიზანს შორის თანაზომიერების შემოწმება ხდება შემდეგი ნაბიჯების გავლით :
პირველი ნაბიჯი: მიზნის დადგენა- უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღწევი მიზანი. რამდენადაც მმართველობა გულისხმობს კანონის აღსრულებას, ის კანონი, რომლის აღსრულებასაც ემსახურება ღონისძიება, გვაძლევს ინფორმაციას მისაღწევ მიზანზე.
მეორე ნაბიჯი: შესაფერისობის დადგენა- უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაფერისობა. შერჩეული საშუალება არის შესაფერისი, როდესაც ის, ზოგადად, მისაღწევ მიზანს ემსახურება, ე.ი., როდესაც ის შესაძლებელს ხდის მიზნის მიღწევას.
მესამე ნაბიჯი: აუცილებლობის დადგენა– უნდა შემოწმდეს შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა. ღონისძიება არის აუცილებელი, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს სხვა საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც საზოგადოებას, ისე – ღონისძიების ადრესატს.
ე) კონკრეტულობის პრინციპი– ინდ. აქტის შინაარსი უნდა იგოს ნათელი და გასაგები, რათა ინდ. აქტის ადრესატს ჰქონდეს საშუალება ნათლად გაიგოს ადმინისტრაციული ორგანოს ნება.
BLH
Keymasterადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება
სუსგ. № ბს-1718-1674(კ-10)
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი მატერიალური კანონიერების გარდა უნდა აკმაყოფილებდეს ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს, რაც ვლინდება იმაში, რომ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.
საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმის შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახისა და აქტის გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული.
BLH
Keymasterინდ. აქტის ფორმალური კანონიერება
ინდ. აქტის ფორმალური კანონიერება შედგება ხუთი ელემენტისგან
1.უფლებამოსილება- ინდ. აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
საგნობრივი უფლებამოსილება დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათან მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ინდ. აქტის გამოცემის გზით.
მაგ: მერია შესაბამისი უწყება უფლებამოსილია გასცეს სამშენებლო ნებართვები, თუმცა იგი არ არის უფლებამოსილი დააჯარიმოს საგზაო მოძრაობის დამრღვევი.
ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს, კონკრეტულ ტერიტორიაზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების უფლებამოსილებას ინდ. აქტის მეშვეობით.
მაგ: თბილისის მერია არ არის უფლებამოსილი ნებართვა გასცეს ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებით.
2. ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე – ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას, რომელიც მიმართულია ინდ. აქტის მომზადებისა, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ინდ. აქტის კანონიერებისათვის აუცილებელია დაცული იქნეს ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები: წარმოების ფორმა, წარმოების დაწყების საფუძვლები, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების აკრძალვა და ა.შ.
3. ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის ფორმა- ინდ. აქტის ფორმის საკითხს შევეხეთ ზემო პოსტებში, იგი შეიძლება გამოიცეს, როგორც წერილობითი სახით, ისე ზეპირი სახით, ასევე სხვა ფორმითაც
4. რეკვიზიტები– ინდ. აქტში განსაზღვრული უნდა იყოს კანონით განსაზღვრული რეკვიზიტები. სხვადასხვა რეკვიზიტის მიუთითებლობა სხვადასხვა შედეგში შეიძლება იწვევდეს, რის შესახებაც ზემო პოსტებში უკვე ვისაუბრეთ.
5. დასაბუთება– დასაბუთების შესახებ ვისაუბრეთ ზემო პოსტებში.
BLH
Keymasterკანონიერი ინდივიდუალური აქტი
ინდივიდუალური აქტი კანონიერია, როდესაც მისი გამოცემის დროს დაცულია ინდივიდუალური აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
BLH
Keymasterადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა
სუსგ. № ბს-220-212 (2კ-13)
საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია ადმინისტრაციული წარმოების ფორმებთან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატთა რაოდენობასთან, ასევე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელობის ხარისხთან.
ოფიციალურობის თვალსაზრისით ეს სამივე ფორმა თანაბარი სამართლებრივი ძალის მატარებელია და თანაბარ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული ნორმა. კოდექსის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქედან, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისათვის გაცნობა არის ფინალი ადმინისტრაციული წარმოებისა და მისი შედეგი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით ((სზაკ‑ის 54‑ე მუხლი); ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ კანონმდებლობით შესაძლებელია მისი ძალაში შესვლის სხვა ვადები იყოს დადგენილი).
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის მიმართ საჩივრის და სარჩელის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების (სარჩელის შეტანის) ვადების ათვლა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა წარმოადგენს არა მარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმს, არამედ მისი არსებობის წინაპირობას. როგორც საკანონმდებლო აქტი მისი ოფიციალური გამოქვეყნებით შედის ძალაში, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას მისი ადრესატისათვის ოფიციალური გაცნობით.
თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიმართულია რამდენიმე ადრესატის მიმართ, აუცილებელია თითოეული მათგანისათვის მისი ოფიციალური გაცნობა. აქიდან გამომდინარე შესაძლებელია თითოეული პირის მიმართ ძალაში შესვლის სხვადასხვა ვადები გვქონდეს სახეზე. ამან შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები წარმოშვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ასეთი შემთხვევების თავიდან აცილებას ემსახურება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55‑ე მუხლში მოცემული მოწესრიგება. თუმცა ეს მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50‑ზე მეტ პირს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55‑ე – 58‑ე მუხლების და სპეციალურ კანონებში მოცემული დანაწესების თავისებურებებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მხარისათვის გადაცემის კანონით განსაზღვრული ფორმის დაუცველობა ყოველთვის არ აბრკოლებს მის ძალაში შესვლას, არამედ აქტს ხდის უკანონოს. ასე, მაგ., თუ წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მხარისათვის ზეპირი ფორმით გაცნობა მოხდა, ასეთი აქტი მისი მხარისათვის გაცნობის კანონით დადგენილი წესის დარღვევის გამო არის უკანონო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რამდენადაც მოხდა ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობა, ის შეიძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მაგრამ, თუ კანონით გათვალისწინებული აქტის მხარისათვის ინდივიდუალური გადაცემის მიუხედავად (სზაკ‑ის 58‑ე მუხლის შესაბამისად) მოხდება მისი საჯაროდ გამოცხადების გზით გაცნობა, ამ შემთხვევაში თვითონ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის ფორმა არის უკანონო და ამდენად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არ შედის ძალაში, ანუ აქტი მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მატარებელი არ არის.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის გაცნობის პროცესში არსებითია შემდეგი გარემოება:
მხარისათვის მისი გაცნობა უნდა ატარებდეს ინდივიდუალურ ხასიათს, ანუ კონკრეტულად უნდა იყოს ადრესატი მითითებული, რამდენადაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობა ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისეთი ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მიღებას, შესაბამისად მოქმედებს სამოქალაქო სამართლის ნორმები მისი ნამდვილობის დასადგენად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის ინსტიტუტი პირდაპირ კავშირშია აქტის აღსრულების ინსტიტუტთან, ვინაიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება არის ადმინისტრაციული წარმოების მნიშვნელოვანი სტადია. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგები ვლინდება მის აღსრულებაში. აღსრულების ცნების ქვეშ მოიაზრება მოქალაქის ან სხვა სამართლის სუბიექტების საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების იძულების წესით განხორციელების შესაძლებლობა. კანონით მკაცრად განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყება, თუ იგი ადრესატს არ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სახდელის შეფარდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით ხორციელდება და მისი გაცნობა ადრესატისათვის განეკუთვნება ნორმატიულად გარანტირებულ უფლებას – გააჩნდეს კანონიერი მოლოდინი აქტის აღსრულების სტადიაში გადაზრდამდე დაკისრებული ვალდებულების გაცნობისა და გასაჩივრების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.
BLH
Keymasterინდივიდუალური აქტის ძალაში შესვლა
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.
ინდივიდუალური აქტის გაცნობის სახეები
1. დაინტერესებული მხარისათვის გადაცემა – თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
2. ფოსტის მეშვეობით გაგზავნა- დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ მიუღია.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება.
3. გამოქვეყნება ბეჭვდით ორგანოში- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი – პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია.
4.საჯარო გამოცხადება- საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.
BLH
Keymasterწერილობითი ინდ. აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:
ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;
ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.
გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.
BLH
Keymasterინდ. აქტის დასაბუთება (სუსგ. № ბს-1342-1284)
საკასაციო სასამართლოს განმარტება:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ‑ერთი უმთავრესი ნიშანია.
გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება და გამოცემა საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყოველ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საჯარო ვალდებულება ზედმიწევნით დაიცვას იგი, თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულება განაპირობებს დაინტერესებულ პირთა კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტი არ შეიცავს რა რაიმე მითითებას მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე, პრაქტიკულად ქვემდგომმა სასამართლოებმა თავად მოახდინეს აქტით მოწესრიგებული ღონისძიების (სახლის დაკანონება) სამართლებრივი კვალიფიკაცია, მოპასუხის განმარტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე გამორიცხავს აქტის გასაჩივრებისას შემდეგ სამართლებრივი კვალიფიკაციის მოხდენის შესაძლებლობას, ვინაიდან სწორედ საკითხის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დადგენილი გარემოებებისათვის სამართლის ნორმის შეფარდება უნდა განაპირობებდეს აქტის სამართლებრივ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტის კანონიერების შემოწმებისას ადმინისტრაციული ორგანოს ასეთივე წარმატებით შეუძლია მიუთითოს ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტი, რომლითაც შეიძლება გაამართლოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. სწორედ, ამგვარი სამომავლო ინტერპრეტაციების თავიდან არიდებას ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ, მიღებისას საკითხის გადაწყვეტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ორგანოების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს სრული სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების საქმიანობაზე, მათი გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უკომპრომისო შემოწმების მეშვეობით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ფუნქციას და ემსახურება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური – ხელისუფლების დანაწილების და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის რეალიზაციას.
BLH
Keymasterინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეები
1. გამოცემის ფორმის მიხედვით
ინდივიდუალური აქტი შეიძლება გამოიცეს: წერილობითი ან ზეპირი ფორმით (ზაკ. 51.1).
ამავდროულად ინდ. აქტის გამოცემა შესაძლებელია სხვა ფორმითაც, მათ შორის დუმილით, უმოქმედობით და სხვა საშუალებებით.
მაგ: პირმა მოითხოვა სამშენებლო ნებართვის გაცემა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილ ვადაში არ გამოსცა აქტი, არც ნებართვის მიცემის შესახებ და არც უარის განცხადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა ჩაითვლება ინდ. აქტის გამოცემად, ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
მაგ: შუქნიშნის ფუნქციონირებისას ინდ. აქტი გამოიცემა მაშუქი სიგნალის ანთებით (მწვანე, წითელი და ყვითელი შუქის ანთება წარმოადგენს ინდ. აქტს).
მაგ: პოლიციელის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების დროს, კონკრეტული მიმართულებით სვლის აკრძალვა წარმოადგენს ამკრძალავ ინდ. აქტს.
2. ურთიერთობის შინაარსის მიხედვით
ა. კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი- აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას. მაგ: ლიცენზიის გაცემა, ნებართვის გაცემა, ფულადი დახმარების გაცემა.
ბ. პირის უფლების დამდგენი- ადგენს პირის უფლებებს ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებებს. მაგ: პირის დევნილად ცნობა და პენსიის დანიშნვა, უნარ შეზღუდულად ცნობა, სოციალურად დაუცველად ცნობა და ა.შ.
გ. მავალდებულებელი აქტი- ადგენს გარკვეულ წესს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა. მაგ: პოლიციელის მიერ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, კონკრეტულ ადგილზე პირის არ შეშვება ან ნივთის/ავტომობილის სარგებლობის დროებით შეზღუდვა.
3. ადრესატზე ზემოქმედების მიხედვით
ა. აღმჭურველი – ინდ. აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს გარკვეულ უფლებას ან/და სარგებელს (ზაკ 2.1.“ვ“)
მაგ: ნებართვა, ლიცენზია, პენსია, ფულადი კომპენსაცია და ა.შ.
ბ. შემზღუდველი(ამკრძალავი)- ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, გარკვეული ქმედების აკრძალვის ან ქმედების განხორციელების დავალდებულების გზით.
მაგ: აქციის-მანიფესტის ჩატარების აკრძალვა, გარკვეულ ადგილზე გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ.
გ. ორმაგი ზემოქმედების მქონე- ინდ. აქტი შეიძლება ერთდროულად იყოს, როგორც შემზღუდველი ერთი პირისათვის, ისე აღმჭურველი – მეორე პირისათვის.
მაგ: როცა ხორციელდება პოლიციელის მხრიდან პირების ბინიდან გამოსახლება. ასეთ შემთხვევაში ბინიდან გამოსახლების შესახებ ინდ. აქტი წარმოადგენს სარგებლის მომტანს მესაკუთრისათვის, ხოლო იმ პირებისათვის, ვისი გამოსახლებაც ხორციელდება ეს აქტი იქნება შემზღუდველი.
BLH
Keymasterინდივიდუალური აქტის საკანონმდებლო განმარტება
ინდ. აქტის განმარტება მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (ზაკ-ის) მე-2 მუხლში:
“ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.”
ამდენად, შეგვიძლია გამოვყოთ ინდ. აქტის შემდეგი ელემენტები:
(1) ადმინისტრაციული ორგანო – (განმარტებულია ზაკ-ის მე-2 მუხლის “ა” პუნქტით)
ადმინისტრაციული ორგანოს ორი ტიპი შეგვიძლია გამოვყოთ:
ორგანიზაციული გაგებით არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც ახორციელებს მმართველობით უფლებამოსილებას.
ფუნქიცონალური გაგებით – ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც რეალურად ახორცილებენ საჯარო მმართველობით ხასიათის ფუნქციებს.
მაგ: სითი პარკი, რომელიც შპს-ია, თუმცა ახორციელებს საჯარო მმართველობას – პარკირების მოწესრიგების კუთხით და შესაბამისად ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში იგი ადმინიტრაციულ ორგანოდ მოიაზრება.
(2) ადმინისტრაციული კანონმდებლობა – ინდივიდუალური აქტი უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
მაგ: მშენებლობის ნებართვა, ლიცენზიის მინიჭება, მართვის მოწმობის გაცემა და ა.შ.
მაგ: სამკვიდრო მოწმობის გაცემა არ ჩაითვლება ინდ. აქტად იმის მიუხედავად, რომ მას გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო- ნოტარიუსის სახით, რადგან სამკვიდროს მოწმობის გაცემა გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და ემსახურება კერძო სამართლებრივ მიზნებს და შესაბამისად იგი არ წარმოადგენს საჯარო მმართველოს განხორციელებას.
(3) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – ინდ. აქტი გვაქვს მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისკენ. ანუ აქტის გამოცემისას განსაზღვრული უნდა იყოს თუ ვის ეხება ის ან უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ შემთხვევებს.
მაგ: როდესაც ადმ. ორგანო გასცემს კონკრეტულ პიროვნებაზე მშენებლობის ნებართვას, ინდ. აქტი (მშენებლობის ნებართვა) მიმართულია ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის- მშენებლისკენ.
მაგ: “A” ქალაქში სტიქიამ დააზიანა სახლები, მუნიციპალიტეტმა გამოსცა აქტი, რომლის მიხედვითაც ყველა დაზარალებული პირი უფლებამოსილი იყო მიეღო დახმარება, დროებითი საცხოვრისის სახით 6 თვის განმავლობაში.
(4) აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს – ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების საფუძველზე წარმოიშობა სამართლებრივი შედეგი, არაა საჭირო სხვა პირის ნების გამოვლენა, იმისათვის, რომ წარმოიშვას სამართლებრივი შედეგი, რომელიც გულისხმობს გარკვეული უფლება-მოვალეობების წარმოშობას პირებისათვის.
-
AuthorPosts
