#29781
BLH
Keymaster

საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა

 

(სუსგ. ას-1655-1552-2011)

 

 

საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაცემული იყო მინდობილობა და ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა სადავო უძრავი ქონება, მათ შორის აღერიცხა საკუთარ სახელზე.  სააპელაციო სასამართლომ  შემოსული საჩივრის განხილვისას, სკ-ის 114-ე მუხლზე დაყრდნობით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ნასყიდობის საფასური არ ჰქონდა გადახდილი, არასწორად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მერყევად ბათილი გარიგება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო მოწონებაზე.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და 114-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნული განმარტება არასწორია, კერძოდ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მერყევად ბათილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეს წინასწარ არ ექნებოდა მარწმუნებლის თანხმობა, ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვის თაობაზე. ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იქნებოდა მერყევად ბათილი, რომელიც იურიდულ ძალას შეიძენდა იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებელი მას მოიწონებდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, კი, ხელშეკრულების ნამდვილობა მარწმუნებლის მოწონებაზე არ იყო დამოკიდებული, ვინაიდან არსებული მინდობილობა ითვალისწინებდა მარწმუნებლის თანხმობას. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას და არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთის საფასური არ გადაუხდია, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების ბათილობას დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკუთრების უფლების წარმომშობი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.