#29800
Crassus
Participant

მიუღებელი შემოსავალი

 

(სუსგ. N-ას-1677-1573-2012)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 411-ე მუხლი და სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმის მასალების თანახმად, სამშენებლო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს უნდა მიეღო საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მაგრამ სამშენებლო კომპანიას ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეუსრულებია. მოსარჩელემ ბინის ღირებულება ბანკთან დადებული იპოთეკური სესხის ხელშეკრულების მეშვეობით გადაიხადა.

 

იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკიდან სესხად მიღებულ თანხას მოსარჩელე სხვაგვარად ვერ განკარგავდა. სესხის გაცემამდე, კი მას უნდა დაედასტურებინა გარკვეული თანხის გადახდის ფაქტი (წილობრივი მონაწილეობის სახით) რაც, ამ შემთხვევაში, მისი პირადი სახსრების სხვაგვარად გამოყენებასაც გამორიცხავდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე ბინას მიიღებდა და არა სხვაგვარ შემოსავალს. საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა.