მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › საბანკო სამართალი › Reply To: საბანკო სამართალი
საქმეში N-2/5823-13 სასამართლომ განმარტა:
„ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობაში ბანკი წარმოადგენს „ძლიერ“ მხარეს. მის ხელშია გარკვეული ბერკეტები, ინფორმაცია და იგი საქმიანობს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. კლიენტი არ ფლობს ინფორმაციას არსებულ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, საბანკო პროდუქტებით უზრუნველყოფის დეტალებზე. სწორედ ამიტომ, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ბანკს ვალდებულება გააჩნია ხელშეკრულების დადების დროს სრული ინფორმაცია მიაწოდოს კლიენტს მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზეც და იზრუნოს მათზე.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევს ის სუბიექტი, რომელიც არ მოქმედებს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი აუცილებლი ყურადღებიანობის და გულისხმიერების ფარგლებში, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში ბანკის მხრიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ ვითარებაში ბანკის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების 3.2.10 მუხლით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც, ბანკი მხოლოდ მაშინ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი არაავტორიზებული გამოყენება გამოწვეული იყო ბანკის უხეში გაუფრთხილებლობით, განზრახვით ან დაუდევრობით. ამგვარი ქმედების გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვა დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის საფუძველზე. ასეთი შეთანხმების არსებობის პირობებშიც კი, იგი ხელშეკრულების ბათილ სტანდარტულ პირობად უნდა ჩაითვალოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა განხორციელდა მისი ნების ან მითითების გარეშე. შესაბამისად სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის გამოყენებისა და საკრედიტო დაწესებულებისათვის მიყენებული ზიანისა და არასწორად გადარიცხული თანხის კვლავ ანგარიშის მფლობელის აქტივში შეტანის ვალდებულება. „