#4054
Crassus
Participant

ანგარიშიდან ფულადი სახსრების განკარგვა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ

 

მაგ:  საქართველოში მცხოვრებ “ა”-ს ჰქონდა 10.000 ლარი ანგარიშზე, რომელზეც მიმაგრებული იყო სადებეტო ბარათი.  თაღლითებმა ჩინეთში მოახერხეს “ა”-ს ანგარიშზე არსებული თანხის მითვისება. “ა”-ს არანაირი შეხება ამ პირებთან არ ჰქონია.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

 

 აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში ძირითად პრინციპს წარმოადგენს ანგარიშზე არსებული სახსრების ხელშეუხებლობა. ყველა ოპერაცია, რომელიც ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვას ან ანგარიშიდან ჩამოწერას ეხება, უნდა მოხდეს ანგარიშის მფლობელის მითითებით ან ნებართვით. ასეთის გარეშე ფულადი სახსრების ჩამოწერა, ანგარიშის მფლობელის ქონების განკარგვას ნიშნავს და კლიენტის ნების უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მომსახურებას ბანკი სთავაზობს კლიენტს და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული კლიენტის ინტერესი – მისი ნებართვის გარეშე ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ყოველგვარი რისკი, რაც ახლავს ამ ტიპის მომსახურებას უნდა იტვირთოს ბანკმა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსში სპეციალურად ყურადღება გამახვილებულია საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებაზე ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა მოხდეს მისი მფლობელის ნების საფუძველზე. (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3580-13)

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის გარდა, განსახილველი სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ”საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში კომერციული ბანკების მიერ უნაღდო გადახდების ინსტრუმენტის – საგადახდო ბარათების (საკრედიტო, სადებეტო, წინასწარი გადახდის და სხვ) გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ემიტენტსა (ბანკს) და ბარათის მფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ასევე მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მოხდება მხარეთა ინტერესების დაცვა.

 

 აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, საგადახდო ბარათი არის ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი (მათ შორის საბანკო პლასტიკური ბარათი), რომლის საშუალებით ხდება საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ოპერაციების შესრულება; დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები, მე-6 პუნქტის თანახმად კი, ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე, თუ შესაბამისი საბარათე სისტემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

 თუ არ დადგინდება ”საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” ზემოთაღნიშნული დებულებისა და მხარეებს შორის არსებული საბანკო მომსახურების პირობების შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობები, მაშინ ბანკი ვალდებული იქნება 861-ე მუხლის მიხედვით განახორციელოს ვალდებულების შესრულება.