#39701
BLH
Keymaster

ნარდობის ხელშეკრულების არსებობა, მხარეთა მიერ შეთანხმებული წერილობითი ფორმის დარღვევის მიუხედავად

საქმე №ას-254-241-2015

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მასსა და მოსარჩელეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და საკასაციო საჩივრის ძირითად პოზიციას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ სს „ქ. ლ. კ.-ასა“ და შპს „პ. დ.-ს“ შორის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ არ გაფორმებულა.

კასატორის ზემოთ მითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-მა” სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის მენეჯერ ზ. შ.-ეს ელექტრონული წერილით აცნობა, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის კ.-ას ესაჭიროებოდა ხელმოწერილი კონტრაქტი.

ამასთან, განუმარტა, რომ თუ კონტრაქტის ხელმოწერა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა, კ.-ის ოფიციალურ წარმომადგენელს უნდა დაედასტურებინა თანხმობა გადმოგზავნილi შეთავაზებისa და ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე.

ელექტრონული წერილით შპს ,,პ. დ.-მა” მოითხოვა კონტრაქტზე ხელმოწერა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2012 წლის 05 ივნისისა და ამასთან, მოპასუხე კ.-ას უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ელექტრონულ მიმოწერას გააჩნდა მოქმედი იურიდიული ძალა.

უდავო გარემოებაა, რომ 31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-ის“ ელექტრონული წერილის პასუხად ზ. შ.-ემ, როგორც სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დაადასტურა თანხმობა შპს ,,პ. დ.-ის” მიერ მიწოდებული აქტივობების განხორციელებაზე, მანვე მიაწოდა შპს ,,პ. დ.-ს” კ.-ის ლ. ეტიკეტის ვექტორი, რაც საჭირო იყო საბეჭდი მასალის შეფუთვისათვის.

დამკვეთის პოზიცია:

იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ზემოთ დასახელებული მომსახურების რეალურად მიღების ფაქტი, კასატორი სადავოდ ხდის აღნიშნული მომსახურების გაწევაზე მხარეთა ორმხრივი შეთანხმების არსებობას და განმარტავს, რომ სს „ქ. ლ. კ.-ას“ მომსახურების მიღებაზე ნება არ გამოუვლენია, ხოლო ზ.შ.-ის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილით კი, სადავო გარემოება არ შეიძლება დადასტურებულიყო, რამდენადაც იგი არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი პირი საზოგადოების სახელით გამოსულიყო მესამე პირებთან ურთიერთობაში.

უზენაესის განმარტება:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია კ.-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს სამეწარმეო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენენ დირექტორები, თუმცა, მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მეწარმეთა შესახებ კანონის ეს ჩანაწერი არ შეიძლება იმგვარად იქნეს განმარტებული, რომ ზიანი მიადგეს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს და არაკეთილსიდისიერად წახალისდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ნამდვილი მონაწილე, საზოგადოების დირექტორის სახელით გარიგების დადების ნების არარსებობაზე მანიპულირებით. საკასაციო პალატის განმარტებით, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.