მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები › Reply To: სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები
პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ხელშეკრულებები, რომელიც მოიცავს შემდეგი ტიპის პირობებს:
“გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს სესხი“….. ხოლო “მსესხებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს სესხი“
მსგავსი ჩანაწერის მქონე ხელშეკრულება არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, რადგან მსგავსი ხელშეკრულება არ არის ცალმხრივი – ხელშეკრულების ორივე მხარეს გააჩნია, როგორც ვალდებულება, ისე მოთხოვნის უფლება. მეორე მხრივ იგი არ არის რეალური -მსესხებელს ისე წარმოეშობა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომ სესხის საგანი მას არ მიუღია.
ისმის კითხვა, რა იურიდიული ძალის მქონეა მსგავსი შინაარსის მქონე ხელშეკრულება?
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების არსი უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, მხარეთა ნების გამოვლენის ანალიზის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით:
„ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება.“
სამოქალაქო კოდექსის 628-ე მუხლი კი ეხება სესხის დაპირების ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორეს წინაშე მომავალში სესხის გადაცემის ვალდებულების აღებას.
სესხის დაპირება ნიშნავს გამსესხებლის მიერ ვალდებულების აღებას, რომ იგი გადასცემს სესხის საგანს მსესხებელს, ხოლო ზემოთ მოცემულ შემთხვევაში გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულება, კერძოდ გამსესხებელი იღებს ვალდებულებას გადასცეს სესხი მსესხებელს და ამავდროულად მას გააჩნია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, იგივე ითქმის მსესხებელზე, რომელსაც გააჩნია, როგორც სესხის მიღების მოთხოვნის უფლება, ისე სესხის დაბრუნების ვალდებულება.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ორ ელემენტს:
1.სესხის შეპირებაზე შეთანხმება- გამსესხებლის ვალდებულება გადასცეს მსესხებელს სესხი.
- შეთანხმება მსესხებლის ვალდებულებაზე დააბრუნოს სესხი, ისე რომ მას არ მიუღია სესხის საგანი.
პირველი შეთანხმება წარმოადგენს სესხის შეპირების ხელშეკრულებას, ხოლო მეორე შეთანხმება სკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების მიხედვით, ასევე 623-ე და 319-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოშობს რაიმე იურიდიულ ძალას და ბათილია, რადგან ბათილ გარიგებად უნდა ჩაითვალოს, ისეთი გარიგება, რომლითაც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.
ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N- 3კ/1012-01, სადაც სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა
“სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური. არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელს არ ჰქონდა მიღებული. არარად ჩაითვლება სესხის ხელშეკრულება, თუ დასტურდება მისი უფულობა. ე.ი. არარა იქნება ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.”