#22624

შენი პოზიციის საწინააღმდეგო მოვიყვან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც დავპოსტე უკვე უსაფუძვლო გამდიდრების თემაში (სუსგ 1249-1269-2011). ამ გადაწყვეტილების მიხედვით უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი არის სუბსიდიური ხასიათის და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სხვა ნორმებით ვერ ხორციელდება მოთხოვნის დაყენება.

 

მოცემულ შემთხვევაში დელიქტით მოთხოვნის დაყენების ყველა წინაპირობა გვაქვს: 1. მართლსაწინააღმდეგო ქმედება- დანაშაული-მითვისება. 2. ბრალი- განზრახი დანაშაულის ჩადენა. 3. ზიანი და 4. მიზეზობრივი კავშირი. ხოლო ის გარემოება, რომ მითვისების დროს პირი მდიდრდება და უსაფუძვლო გამდიდრებით უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება, ამ შემთხვევაში არარელევანტურად მეჩვენება, სწორედ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ფონზე, სადაც ნათქვამია, რომ:

 

“უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.”

 

 

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, როცა მოთხოვნათა კონკურენცია გვაქვს, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ვიყენებთ მხოლოდ მაშინ, როცა დელიქტი გამოირიცხება.