#22609
Crassus
Participant

პირგასამტეხლოს ორი არსებითი ფუნქცია აქვს:

 

 

1. ვალდებულების დარღვევის პრევენციის ფუნქცია- მოვალემ წინასწარ იცის იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მას ელის თუ იგი არ შეასრულებს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

 

 

2. პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების საშუალებას. იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს გამსესხებელმა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

 

პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. ანუ მხარეები თანხმდებიან იმ შესაძლო ზიანის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანობის სტანდარტს სცილდება, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ამის შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა:

 

 

“საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. (სუსგ Nას-1560-1463-2012)

 

 

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.