#33941
BLH
Keymaster

სარჩელის საფუძვლის შეცვლა

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 6 ივლისის #ას-221-547-09 განჩინებით განმარტა, რომ „მითითებული დანაწესით გათვალისწინებული გარემოებები და ფაქტები ქმნიან სარჩელის საფუძველს და შეადგენენ მტკიცების საგანს. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, უფლებამოსილია, თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყაროს როგორც ერთ, ისე რამდენიმე იურიდიულ ფაქტს, რაც დამოკიდებულია თვით სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი უნდა დადასტურდეს იურიდიული ფაქტებით, რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა გარკვეულ შედეგებს უკავშირებს . . . სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას ნიშნავს, რომლებსაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავდაპირველად უთითებდა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა“.