#33907
BLH
Keymaster

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი

სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის მიხედვით „ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.“

ვალდებულების ერთ-ერთი სახეა ზიანის ანაზღაურება, რომლის შესახებ ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ზოგად საფუძველს.

მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

აღნიშნული ნორმა ვრცელდება, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება,თუ არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი საფუძვლები:

  • მართლსაწინააღმდეგო ქმედება
  • ზიანი
  • მიზეზობრივი კავშირი
  • ბრალი

სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანის ანაზღაურებისთვის არ არის აუცილებელი ბრალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, ასეთია ცალკეული დელიქტები, როგორიცაა სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურება, რადიაციული ნივთიერების, შენობებისა და სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე ზიანის დადგომის შემთხვევები.

მოვალეს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურება ვალდებულების დარღვევისთვის, როდესაც სახეზე არ არის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი.

მაგ: „A”-ს უნდა მიეწოდებინა “B”-ისთვის 100 ტონა ხორბალი 2016 წლის 10 მაისამდე. მან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება შეძლო მხოლოდ 2016 წლის 25 მაისს. ვადის დარღვევა განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. „B”-ს მიადგა 3000 ლარის ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში, სკ-ის 394.1-ე და 401-ე მუხლების საფუძველზე, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ზიანის ანაზღაურებისთვის.

მაგ: „A”-მ იყიდა 10 ტონა მანდარინი „B”-სგან, რომელიც მას უნდა წაეღო „A”-ს საწყობიდან 2015 წლის 20 მაისს, მიუხედავად “B”-ს არაერთი მოთხოვნისა, მას არ წაუღია საქონელი 2015 წლის 10 აპრილამდე, როდესაც მოხდა მიწისძვრა და განადგურდა საწყობში არსებული მანდარინი. ასეთ შემთხვევაში „B” ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მისი საქონლის დაზიანებისთვის.