#3358

ბოლო პოსტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეგვიძლია შევაჯამოთ სესხის რეალური ბუნების მნიშვნელობა, პროცესუალური კუთხით. წარმოვიდგინოთ ორი შემთხვევა:

1.”A”-მ ასესხა “B”-ს 1000 ლარი, სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო, “A”-მ ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა “B”-ს თანხა. სესხის ხელშეკრულების მოწმეა “C”.

აღნიშნულ შემთხვევაში თუ “B” არ დააბრუნებს თანხას “A”-მ სასამართლოში სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ “B”-სთვის სესხის სახით 1000 ლარის საკუთრებაში გადაცემის ფაქტს, მხოლოდ “C”-ს ჩვენებებით აღნიშნული ფაქტის დადასტურება ვერ მოხერხდება, სკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით. ამდენად, A-მ უნდა წარადგინოს ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს მის მიერ B-სთვის თანხის გადარიცხვის ფაქტს, რაც საკმარისი მტკიცებულება იქნება სესხის არსებობის დასამტკიცებლად.

2.ახლა წარმოვიდგინოთ იგივე შემთხვევა, მაგრამ მხარეების მიერ იქნა წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე “A” ღებულობს ვალდებულებას “B”-ს გადასცეს 1000 ლარი, ხოლო “B” კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს აღნიშნული თანხა.

მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების წარდგენით სასამართლოში ვერ დადასტურდება სესხის არსებობის  და შესაბამისად “B”-ს მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების ფაქტი, ვინაიდან სკ-ის 623-ე, 319-ე მუხლებისა და 54-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ისეთი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ჯერ არ მიღებული სესხის დაბრუნებას არის ბათილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N- 3/1012-01, სადაც სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა

სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური. არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელს არ ჰქონდა მიღებული. არარად ჩაითვლება სესხის ხელშეკრულება, თუ დასტურდება მისი უფულობა. .. არარა იქნება ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.”

ამდენად, იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევაში მოხდეს სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურება, საჭიროა სხვა მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებს “ა”-ს მიერ “ბ”-სთვის სესხის გადაცემის ფაქტს.

სხვა ვითარება იქნებოდა ისეთი სესხის ხელშეკრულების არსებობის დროს, სადაც ეწერებოდა, რომ “ბ” ვალდებულია დაუბრუნოს “ა”-ს მისგან ნასესხები 1000 ლარი.

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/3521-13 :

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურსამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.

ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე.

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს.

ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნაგანმარტებით. ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა“.