#33491
BLH
Keymaster

ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

(სუსგ. ას-296-624-07)

მოსარჩელემ შეიძინა მწარმოებელი კომპანიისგან პროდუქტი – სისხლის კრიოპლაზმა, რომელიც უხარისხო  “აივ” ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა და შედეგად მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მწარმოებელი ახდენს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ა-ს აბსოლუტურ უფლებაზე  სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და რომლის ხარისხის სრულყოფილი გამოკვლევა მეცნიერებისა და ტექნიკის არსებული დონის გათვალისწინებით გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, მომხმარებელს მისცეს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და გააფრთხილოს სავარაუდო თანამდევ შედეგებზე.

სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლს, რომელიც ადგენს კონტრაჰენტის ვალდებულებას ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმებიც, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს ასევე არეგულირებს საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, რომლის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე, არ აყენებდეს ზიანს ქონებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამამზადებელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევნის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მწარმოებელს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რა ფარგლებში უზრუნველყოფდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი მომხმარებლის უსაფრთხოებას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ლ. ჩ-ის ახლო ნათესავები მოსარჩელისათვის საჭირო სისხლის შეძენისას ვარაუდობდნენ, რომ იძენდნენ უეჭველად საიმედო, ხარისხიან პროდუქტს და ისინი ნივთის ვარგისიანობის შესაძლო ნაკლზე არავის გაუფრთხილებია.