#33483
BLH
Keymaster

კეთილსინდისიერების (გულისხმიერების ) პრინციპი

(სუსგ. № ას-7-362-07)

კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის განმსაზღვრელ დოკუმენტებში — 2003 წლის 15 იანვრის ხელშეკრულებასა და 2003 წლის 18 თებერვლის შეთანხმების ოქმით კასატორის ვალდებულებას წარმოადგენდა რა მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემული სახაზოსაკაბელო წყვილების დაზიანების საკონტროლო ვადებში აღდგენა, საკონტროლო ვადის ხანგრძლივობა დაზუსტებული არ არის, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ გაუთვალისწინებია.

 საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის ამგვარი პოზიცია არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 361- მუხლის მეორე ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას, განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ, კერძოდ, მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 361- მუხლის მეორე ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ზოგად დათქმას და ვრცელდება მთელ კერძო სამართალზე. სამოქალაქო კოდექსი უზრუნველყოფს რა მხარეთა ნებას ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალ განსაზღვრაში, ამასთანავე, თვითნებობის უფლებას მხარეებს არ აძლევს და ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

კერძო სამართლის სუბიექტთა მიერ ხელშეკრულების პირობების სამართლიან განსაზღვრას და მხარეთა უფლებების დაბალანსებას უზრუნველყოფს სამოქალაქო კოდექსის 325- მუხლი, რომლის ძალითაც, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დანართი ნამდვილად არ მოიცავს მითითებას შესრულების ზუსტ ვადაზე (საკონტროლო ვადაზე), მაგრამ ხელშეკრულების ეს ხარვეზი მხარეს არ აძლევს უფლებას, არამართლზომიერად გამოიყენოს თავისი უფლება, ვინაიდან კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებულება ყოველ მხარეს აკისრებს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას (სამოქალაქო კოდექსის 316- მუხლის მეორე ნაწილი). ასეთი გულისხმიერება უნდა გამოიხატოს სწორედ იმაში, რომ თუკი მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება ხელშეკრულების რომელიმე პირობაზე ან არსებობს ბუნდოვნობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი პირობა სამართლიანად უნდა

განისაზღვროს და ყველა მხარე კეთილსინდისიერად და პატივისცემით უნდა მიუდგეს სხვის უფლებებსა და ქონებას. ამდენად, ხელშეკრულების პირობის დაუზუსტებლობა ან მისი გაუთვალისწინებლობა მხარეს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს და ასეთ შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა ხელშეკრულების შემვსები განმარტების მეშვეობით უნდა მოხდეს.