#32153
BLH
Keymaster

საზოგადოების დირექტორის მიერ მიყენებული ზიანი

(სუსგ. № 13კ-1244-02)

კასატორი მიუთითებს, რომ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით 80000 აშშ დოლარი საწარმოს მაშინდელმა დირექტორმა თ. გ-ემ გაიტანა ბანკიდან მასალების შესაძენად, მაგრამ არ გამოიყენა მიზნობრივად. იმის გამო, რომ დირექტორმა არ გამოიყენა მიზნობრივად სესხის თანხა და არ შეასრულა თავისი ვალდებულება, საწარმომ განიცადა ზიანი. კასატორი სკ-ს 986-ე და 411-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სკ-ს 415-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხარის ბრალით არის უფრო მეტად გამოწვეული ზიანი.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.7 მუხლის თანახმად საწარმოს დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე ან ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის საზოგადოების წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს.თუ რა უნდა ჩაითვალოს ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირის მოქმედებად, კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია.

როგორც თ. გ-ე თავის შესაგებელში უთითებდა, შეგებებულ სარჩელში მითითებული თანხა მოხმარებულია საზოგადოების მიზნებისათვის, რაზედაც ინფორმირებული იყო საზოგადოების ყველა პარტნიორი. სესხისა და ასეთი განზრახვის შესახებ ინფორმირებული იყვნენ საზოგადოების პარტნიორები,რაში დარწმუნებაც შესაძლებელია თ. გ-ის სარჩელზე მოპასუხეთა შესაგებლიდან, რომლითაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული ფაქტების ნამდვილობა. ამის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ საზოგადოების პარტნიორები და საზოგადოების მომავალი პარტნიორიც — სს „ქ-ი“. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თანხის კრედიტორებისათვის გადაცემა მოხდა სს „ქ-ის“ კუთვნილი ბრონირებული მანქანის მეშვეობით.

პალატა იზიარებს კოლეგიის მოსაზრებას, რომ შპს „თ-ის“ შეგებებულ სარჩელს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ თ. გ-ის მიერ მითვისებულ იქნა საზოგადოების თანხები. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც ასევე უკავშირდება იმ გარემოებას და მისი დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ნორმები.

სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, სარჩელის საფუძვლად მითითებული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

როდესაც მოსარჩელე საზოგადოება დირექტორისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე დირექტორმა ჩაიდინა დანაშაული და ზიანი მიაყენა საზოგადოებას, მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა, არის სისხლის სამართლის საპროცესო წესით მიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამგვარი ფაქტის ნამდვილობას.

სხვა შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ დირექტორის გადაწყვეტილება ხელსაყრელი არ იყო საზოგადოებისათვის და მან სათანადო ზრუნვა არ გამოიჩინა საზოგადოების ქონებაზე.

ამ კუთხით დაუსაბუთებელია შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ თავად მის მიერ არის აღიარებული, რომ თ. გ-ის განხორციელებული მოქმედებები შეთანხმებული იყო ყველა პარტნიორთან და ისინი ამის წინააღმდეგნი არ ყოფილან.