#32150
BLH
Keymaster

განსხვავებული პოზიცია

საზოგადოების დირექტორის მიერ გარიგების დადების უფლებამოსილების შეზღუდვა

(სუსგ. № 3კ-1492-02 19)

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად საზოგადოებას ხელმძღვანელობს დირექტორი.

დირექტორი არის „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საწარმოთა აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს საწარმოს მიმდინარე საქმიანობას და უფლებამოსილია მესამე პირების წინაშე მინდობილობის გარეშე წარმოადგინოს საწარმო, ე.ი. დადოს საწარმოს სახელით ხელშეკრულება.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4 მუხლის შესაბამისად დირექტორი საზოგადოებას წარმართავს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორებს არ შეიძლება აეკრძალოთ ამა თუ იმ გარემოებათა გამო გარიგებათა დადება, გარდა იმ გარიგებებისა, რომლებზეც თანხმობის გაცემა კანონით სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.5 მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულია საზოგადოების დაცვის მექანიზმიც. იმ შემთხვევაში, როცა დირექტორმა დადო ისეთი გარიგება, რომლის დადების უფლებაც მას არ ჰქონდა და ამის შესახებ იცოდა კონტრაჰენტმა, საზოგადოებას შეუძლია ასეთი გარიგება გამოაცხადოს  ბათილად.

იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა წარმოდგენილი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიაყენონ წარმოდგენილ საზოგადოებას.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.3 მუხლის მეორე აბზაცის შესაბამისად საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დირექტორის მიერ საზოგადოების ერთპიროვნულად მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება შესაძლოა, შეიზღუდოს სამეთვალყურეო ორგანოს აუცილებელი თანხმობის დაწესებით. ხელმძღვანელობის ეს წესი შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საზოგადოების შინაგანაწესით.

ასეთ შემთხვევაში კონტრაჰენტი ხელშეკრულების დადებისას უნდა დაინტერესდეს, დირექტორს აქვს თუ არა ამ ხელშეკრულების დადების უფლება და თუ დარწმუნდება, რომ ასეთი ხელშეკრულების დადების უფლება არა აქვს, მოსთხოვოს შესაბამისი თანხმობა. ეს საკითხი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დროს უნდა გაითვალისწინოს ნოტარიუსმაც.