#32148
BLH
Keymaster

დივიდენდის განაწილება

საქმე № ას-75-408-09

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დივიდენდების მოთხოვნის უფლება დ. ხ-ძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ სადავო პერიოდისათვის მოგების განაწილება საზოგადოებაში დივიდენდების გაცემის გზით განხორციელდა.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ამდენად, დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება.

დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დ. ხ-ძეს იმის დამასატურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ 2001-2007 წლებში შპს „საირხეში“ დივიდენდების გაცემა მოხდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

მოსარჩელე ცდილობდა დაემტკიცებინა, თუ რა ოდენობის მოგება შეიძლებოდა ჰქონოდა საწარმოს მისი საქმიანობის განხორცილებისას და ამ მოგებიდან დივიდენდები განესაზღვრა, თუმცა ის არ უთითებდა, რომ ამ ოდენობის მოგება რეალურად დაფიქსირდა საწარმოს ბუღალტრულ დოკუმენტებში ან დივიდენდების განაწილება მოხდა პარტნიორთა შორის.

დ. ხ-ძეს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა თუ დამტკიცდებოდა, რომ შპს „საირხეს“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.