#32147
BLH
Keymaster

პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენება

საქმე № ას-448-690-08

პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი არა.

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმების გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოების ქონებისა და პარტნიორთა შესატანის აღრევასთან.

მოცემულ შემთხვევაში მხარე პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების საბუღალტრო წიგნები ვერ იქნა მოძიებული და საერთოდ უცნობია ხდებოდა თუ არა საბუღალტრო წარმოება საზოგადოებაში. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება დაკავშირებულია საზოგადოებაში პარტნიორის მიერ შესატანის შეტანასთან და ამ შესატანის არასწორად აღრიცხვასთან საბუღალტრო წიგნებში.

ზოგადი წესის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა შემოისაზღვრება კრედიტორების წინაშე საზოგადოების მთელი ქონებით და იგი არ შეიძლება გავრცელდეს პარტნიორის საკუთრებაში არსებული მთელ ქონებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორმა საზოგადოებაში შეიტანა ქონება, მაგრამ იგი არ აღირიცხა საზოგადოების ქონებად და დარჩა პარტნიორის საკუთრებაში, (თუნდაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით) ეს ჩაითვლება სადავო ნორმაში მითითებული შეზღუდვის ბოროტად გამოყენებად და ასეთ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში შეტანილი, მაგრამ საზოგადოების საკუთრებად არ აღრიცხული ქონებიდანაც.