#30740
BLH
Keymaster

ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

სუსგ. N- ას-1164-1309-08

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველი ნორმის თანახმად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პრდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების გაკეთების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

ის ფაქტი, რომ კ. ბ-ავას 2002 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულება ჩაჰბარდა დადების დღეს, შეიძლება მიუთითებდეს არა იმაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო თავისი უფლების დარღვევაზე, არამედ იმაზე, რომ მას უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მაგრამ აღნიშნული შეიძლება დავასკვნათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ფაქტის გამომრიცხავი გარემოებები.