მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
მოჩვენებითი გარიგება
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-228-489-08)
ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 10 აპრილს „ა“-მ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე “ბ“, „გ“ და ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა „ბ“-სა და „გ“-ს შორის 2007 წლის 2 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, თვითონ და თავის მეუღლეს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით – 97,6 კვ.მ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „ბ“-მ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გაიფორმა თავის სახელზე. მემკვიდრეობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დავის განხილვის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ მისი მეუღლის სახელზე რიცხული მთლიანი ქონება 30000 ლარად მიჰყიდა „გ“-ს, მაშინ, როდესაც აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქონება 105 000 ლარად იყო შეფასებული. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, ვინაიდან „გ“-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა სადავო სახლი, ასევე, არ დაინტერესებულა შეძენილი ქონებით, ისე გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, აღნიშნული გარიგება მოჩვენებითია, რის გამოც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
უზენაესი სასამართლოს განმარტება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას, სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ ხდება.
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარემოების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისათვის. სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, ასევე გაიზიარა „გ“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, მაშინ, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა და არა წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებით. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ისეთ გარემოებებს, რაც სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს, კერძოდ, დადგენილია, რომ გაყიდულ სახლს ფაქტობრივად ფლობდა მოსარჩელე, იგი მყიდველს არ გადასცემია. სადავო სახლი გაიყიდა იმ დროს, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო სახლზე.
სასამართლოს არ გამოურკვევია სადავო სახლის ღირებულების გადახდის ფაქტი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „გ“ არ იჩენდა ინტერესს მოცემული დავის მიმართ, არ წარუდგენია შესაგებელი, არ ცხადდებოდა სასამართლოში ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გასაჩივრების ვადის დარღვევით. მართალია, მოსარჩელემ „გ“ მესამე პირად ისე მიუთითა, მაგრამ იგი საქმეში ფაქტობრივად ჩაბმული იყო როგორც მოპასუხე („გ“ სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და დაევალა წარედგინა შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, შესაბამისად, გასაჩივრებულილ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებები უნდა განიხილოს ყოველმხრივ და ობიექტურად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
