#30719
BLH
Keymaster

ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას, მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება, იმ დღიდან, როცა წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუ კანონით ან ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი დაფიქსირებული, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

მაგ: როდესაც სესხის ხელშეკრულების მიხედვით „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 2015 წლის 10 მაისის ჩათვლით, 2015 წლის 11 მაისიდან „ბ“-ს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება „ა“-ს მიმართ. ამავე მომენტიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

მაგ: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება, მათი განქორწინების მომენტიდან.

მაგ: „ა“-ს ბინიდან წყალი ჩამოდიოდა „ბ“-ს ბინაში, თუმცა აღნიშნული პროცესი ფარულად მიმდინარეობდა. „ბ“-მ მხოლოდ მაშინ გაიგო მისი კედლის დაზიანების შესახებ, როდესაც წყლის ლაქები გამოჩნდა მის კედელზე. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც „ბ“-მ შეიტყო, რომ „ა“-სგან ჩამოსდიოდა წყალი, რამაც დააზიანა მისი ბინის კედლები.

როცა კანონში ან ხელშეკრულებაში მითითებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, ითვლება, რომ სამართლებრივი ურთ-ს მონაწილესთვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

როცა პირი ვალდებულია თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხანდაზმულობის ვადის დენა არ დაიწყება მანამდე, სანამ პირი თავს იკავებს ასეთი მოქმედებისაგან.

როცა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის რაიმე მოქმედებაზეა დამოკიდებული, სანამ იგი არ შეასრულებს ასეთ მოქმედებას, მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.

მაგ: ნიკას უნდა გადაეცა ნარდობის საგანი მარიამისათვის ფულის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის განმავლობაში. სანამ მარიამი არ გადასცემს ნიკას ფულს, ხანდაზმულობა არ წარმოიშობა.