მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები › Reply To: სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
ვადები სამოქალაქო სამართალში
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია ვადებთან, ვრცელდება არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ურთიერთობებზე, არამედ სხვა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებზეც, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის გარეთ არის მოქცეული.
ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა. არსებობს ვადების სხვადასხვა კატეგორია:
ა. სამოქალაქო უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული ვადები– ვადის გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას. მაგ: ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გავიდეს და მოითხოვოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნება.
ბ. სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები– მაგ: მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღო სამკვიდრო, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის მანძილზე.
გ. ვალდებულების შესრულების ვადები- მაგ: ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „ა“-მ უნდა გადაუხადოს ბინის გამყიდველს 100.000 დოლარი, 2013 წლის 20 მაისამდე.
დ. უფლების დაცვლის (ხანდაზმულობის ვადები)- მაგ: სასამართლოს გზით სესხის დაბრუნების შესაძლებლობა გააჩნია გამსესხებელს 3 წლის განმავლობაში, სესხის დასაბრუნებლად განსაზღვრული დღიდან.
ვადები შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ფორმით:
- ზუსტად განსაზღვრული კალენდარული თარიღით, მაგ: 2015 წლის 20 მაისს „ა“ ვალდებულია გადაუხადოს „ბ“-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
- განსაზღვრული პერიოდულობით– პერიოდი შეიძლება დღეებით, კვირეებით, თვეებით, წლებით და ა.შ. განსაზღვრული. ამავდროულად აუცილებელია პერიოდის ათვლის თარიღის განსაზღვრაც. მაგ: „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 10.000 დოლარის ოდენობით, 2 წლის შემდეგ. აუცილებელია განისაზღვროს, თუ როდიდან აითვლება აღნიშნული 2 წლიანი ვადა.
- მოვლენაზე მიბმული ვადები, აუცილებელია მოვლენა დადგომაუნარიანი იყოს. მაგ: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, მარჩენალმა იკისა ვალდებულება ერჩინა სარჩენი მის გარდაცვალებამდე, რის სანაცვლოდაც, მან მიიღო ამ უკანასკნელის ბინა.
სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული ვადების გამოთვლის წესი გამოიყენება კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში.
ვადები განსხვავდება იმის მიხედვით ადგენს მას კანონი, სასამართლო თუ გარიგებით არის დადგენილი.
კანონით დადგენილი ვადები- შეიძლება იყოს, როგორც იმპერატიული (მაგ: სამკვიდროს მიღების ვადაა, პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ), ისე დისპოზიციური (მაგ: გამოსყიდვის უფლების ვადები).
სასამართლო ვადები – სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს განსაზღვრული მოქმედების ვადა. მაგ: სასამართლოს შეუძლია დაავალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის გამოქვეყნება განსაზღვრულ დროში.
გარიგების ვადები- მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ან ცალმხრივი ნების გამომჟღავნებით დადგენილი ვადები.
მაგ: განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, საფასურის გადახდის ვადები.
მაგ: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია განუსაზღვროს მოვალეს გონივრული ვადა, ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად, ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსიალი მოშალოს ხელშეკრულება.