#3039
Edika
Participant

ესეიგი ჯერ მთავარია დავადგინოთ რას წარმოადგენს A-ს მოქმედება, არის თუ არა  დელიქტური?   კაზუსიდან ასე ზუსტად არ ჩანს, რა არის, მაგრამ განვიხილოთ რას შეიძლება წარმოადგენდეს მისი მოქმედება.

 

დელიქტის აუცილებელი ელემენტი არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. თუ ჩავთვლით რომ A-ს მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო მაშინ სახეზე არ გვაქვს დელიქტი და გვაქვს 117-ე მუხლი. ანუ სხვაობა 992-ე მუხლსა და 117-ე მუხლს შორის არის ის რომ 117-ე მუხლის შემთხვევაში ზიანის მიყენება ხდება მართლზომიერი ქმედებით, ხოლო 992-ე მუხლის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

 

რა განაპირობებს 117-ე მუხლში ქმედების მართლზომიერებას? 117-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობისთვის აუცილებელია ორი ელემენტი: 1) ზიანის აცილება მოცემულ გარემოში არ შეიძლებოდა სხვაგვარად თავიდან ყოფილიყო აცილებული და 2) უნდა ხდებოდეს უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილება. ანუ ეს ორი ელემენტი განაპირობებს 117-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების მართლზომიერებას, რაც განასხვავებს მას 992-ე მუხლიდან. თუ სახეზე არ გვაქვს ზემოთმოცემული რომელიმე ელემენტი მაშინ სახეზე გვაქვს დელიქტი და ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს დელიქტური ნორმებით.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში C-ს მიმართ მიყენებული ზიანი ვერ ჩაჯდება 117-ე მუხლით გათვალისწინებულ ფაქტობრივ შემადგენლობაში, ვინაიდან აქ სახეზე გვაქვს ორი თანაბარმნიშვნელოვანი და თანაზომიერი სიკეთე – სიცოცხლე/ჯანმრთელობა როგორც A-ს ასევე C -ს, ანუ მიყენებული ზიანი არ არის მოსალოდნელზე ნაკლებმნიშვნელოვანი. ორივე თანაზომიერია. (A მოქმედებდა საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, C-ს ჯანმრთელობას მიადგა ზიანი). ვინაიდან სახეზე არ გვაქვს 117-ე მუხლით გათვალისწინებული მართლზომიერი ქმედებისთვის აუცილებელი მეორე ელემენტი (რაც ზემოთ დავწერე), ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს და C-ს A-ს მიმართ შეუძლია მოთხოვნის დაყენება 992-ე მუხლის საფუძველზე, ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს B-ს სოლიდარულ პასუხისმგებლობას 998-ე მუხლის საფუძველზე.

 

აუცილებელია ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის დადგენა B-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ობიექტურად უნდა შეფასდეს რამდენად განაპირობა A-ს მიერ C-სთვის ზიანის მიყენება B-ს ქმედებამ. თუ მოცემულ გარემოებებში A-ს B-ს მოქმედებიდან გამომდინარე არ შეეძლო სხვაგვარად ემოქმედა მაშჳნ ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს. A-ს არცერთვარიანტში არ ააქვს უფლება მიაყენოს ზიანი სხვას, მაშჳნაც კი როცა ის საკუთარ ინტერესებს იცავს.

 

რაც შეეხება D -ს (მაღაზიის მეპატრონე) მოთხოვნას მას ექნება 117-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ A-ს არ შეეძლო სხვაგვარად ემოქმედა და დამდგარი ზიანი მოსალოდნელზე ნაკლებმნიშვნელოვანია.

 

კითხვა: შეუძლია თუ არა D- მოთხოვნა წაუყენოს სოლიდარულად A-ს და  B-ს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის საფუძველზე, A-ს 117-ე მუხლის საფუძველზე და B-ს 992-ე მუხლის საფუძველზე?