#30207
BLH
Keymaster

მიზეზობრივი კავშირი

მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების უშუალო შედეგს.

თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში ზიანის რისკი კრედიტორზე და მოვალეზე პასუხისმგებლობის პროპორციულად გადანაწილდება.

სსკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო სსკ-ის 412- ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ექვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზეობრივი კავშირის თეორია და ა.შ.).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას, ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება.

სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო.მაშასადამე, უშუალო ანუ ადექვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან.ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

ამასთან დაკავშირებით წესები იგივეა, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებისას (მაგ.სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი აბზაცი). მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ე.წ. ექვივალენტური კაუზალობა არ არის საკმარისი (რომის სამართლიდან მომდინარე ამ ფორმულის მიხედვით სამართლებრივი ფიგურა ”მიზეზი” (მართლსაწინააღმდეგო მოქმედება) შედეგის (ზიანი) თვალსაზრისით მაშინ არის კაუზალური, თუ მის გარეშე შედეგი არ დადგებოდა)).

აქედან გამომდინარე, ექვივალენტურობის თეორია იზღუდება ცნებით შერაცხადობა, შედეგად საუბარია ადექვატურ კაუზალობაზე. ეს უკანასკნელი სახეზეა, როცა ხდომილება (მართლსაწინააღმდეგო ქმედება) ობიექტური თვალსაზრისით ზოგადად და არც თუ მთლად თავისებური, უჩვეულო და ობიექტურად გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე საიმისოდ გამოდგება, რომ გამოიწვიოს დამდგარი შედეგი(ზიანი).