#29835
Crassus
Participant

განსაკუთრებული უფლება

რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:

ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;

ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

მაგ: „ა“ აწარმოებს ყავას, რეგისტრირებული სასაქონლი ნიშნით „გემრიელი ყავა“, იმავე სასაქონლო ნიშანს იყენებს „ბ“, თუმცა იგი აწარმოებს ჩაის და კაკაოს.

გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

მაგ: „ა“-მ გახსნა სწრაფი კვების ობიექტი, რომლის სახელწოდება და ლოგო ძალიან წააგავდა მაკდონალდსის სასაქონლო ნიშანს.

დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:

ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;

ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;

გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;

დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.

სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:

ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.;

ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.