#29809
BLH
Keymaster

 

 

ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადები

 

(სუსგ. N-ას-247-237-2013)

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივარი სამომავლო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაითვალისწინა, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კერძო სამართლებრივი უფლების განხორციელების ხანდაზმულობით შეზღუდვა, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკმაყოფილა სარჩელი ნაწიბურის გამოსასწორებლად საჭირო პლასტიკური ოპერაციის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. როდესაც მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია და ამოკვეთეს თირკმელი, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, სამომავლოდ ექიმის მეთვალყურეობის საჭიროების თაობაზე.

 

შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ამ ვადის გასვლის შემდეგაა აღძრული. რაც შეეხება პლასტიკური ოპერაციის აუცილებლობას, ეს, სკ-ის 102-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, ხოლო ამგვარი ოპერაციის ღირებულება უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია, მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი დოკუმენტი, რომლითაც შესაბამის ოპერაციაზე მხოლოდ კლინიკაში არსებული სავარაუდო ღირებულება დგინდება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სამომავლო მკურნალობის ხარჯების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია, ხოლო პლასტიკური ოპერაციის ღირებულების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.