#29808
BLH
Keymaster

ყადაღის დადება მეუღლეთა თანასაკუთრებაზე

 

 (სუსგ. N- ას-290-276-2013)

 

დავა ეხება მოძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 1158-ე მუხლი და მიიჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დაყადაღებული ნივთები (გაზქურა, ცენტრალური გამათბობელი და ავეჯი) შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრებისას, არ წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.

საკასაციო სასამართლოს განმარტება: ის გარემოება, რომ ნივთები უშუალოდ შეძენილია ცოლის მიერ, სადავო არ არის, მაგრამ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა ის, რომ მან შეიძინა თავისი სახსრებით, არამედ ის, რომ ეს ნივთები არ წარმოადგენენ თანასაკუთრებას. შესაბამისად, სკ-ის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, სსკ-ის 102-103-ე მუხლებისა და, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ნივთებზე, რომლებიც შეძენილია ქორწინების პერიოდში მისი სახსრებით, არ წარმოიშობა თანასაკუთრება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთის მხრივ, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე (ცოლი) ფლობს საწარმოს, რომელიც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდშია დაფუძნებული და მისივე მითითებით სწორედ ამ საწარმოდან მიღებული შემოსავლით არის შეძენილი სადავო ნივთები. ხოლო რაიმე გარემოება, რომ მოსარჩელემ საწარმო დააფუძნა საკუთარი სახსრებით დადგენილი არ არის, მეორე მხრივ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეორე მეუღლეც (ქმარი) ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ასევე ჰქონდა საკუთარი შემოსავლის წყარო. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ცოლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, სადაც ორივე მეუღლე ერთად ცხოვრობს და რომელშიც არსებული ნივთებია დაყადაღებული, შეძენილია, ასევე ქორწინების პერიოდში და დატვირთულია იპოთეკით ქმრის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალების გადახდის მიზნით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ერთობლიობაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეები ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და სარგებლობდნენ სადავო ნივთებით (გამათბობლით, გაზქურით, ავეჯით), რომლებიც მათი საერთო მოხმარების საგნებს წარმოადგენენ.